ახალი ამბები

სარალიძის მხარდამჭერები პარლამენტთან კარვის გაშლით კანონს არ არღვევდნენ – საია

13 სექტემბერი, 2018 • 3207
სარალიძის მხარდამჭერები პარლამენტთან კარვის გაშლით კანონს არ არღვევდნენ – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 11 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან საწვიმარი კარვის გაშლით ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები კანონს არ არღვევდნენ. საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, პატივი სცეს ტროტუარზე კარვის მეშვეობით შეკრების ჩატარების უფლებას.

საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 11 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მომხრეები ცდილობდნენ კარვის გაშლას, როდესაც მათთან მივიდა პოლიცია. ამის შემდეგ ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის კარვის გაშლის თაობაზე შელაპარაკება მოხდა. ვიდეომასალაში ისმის დემონსტრანტების განმარტება, რომ მათ კარვის გაშლა წვიმიან ამინდში პროტესტის გასაგრძელებლად ესაჭიროებოდათ.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 1 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.“

ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას.

კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას.

ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ, როგორც ,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს.

,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმის აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ნათლად დგინდება, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მომხრეები გეგმავდნენ კარვის დადგმას არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. ამასთან, კარვის დადგმა ხდებოდა ღამით, პარლამენტის შესასვლელიდან მოშორებით. ეს გარემოება გამორიცხავდა იმას, რომ კარვის მეშვეობით პარლამენტის პარალიზება ან მისი ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლა მომხდარიყო.

კარვის დადგმა განპირობებული იყო წვიმიან ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების აუცილებლობით. ამგვარად, არ არსებობდა პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების მანერის შეზღუდვის არავითარი აუცილებლობა”.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას – მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, “მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი