ახალი ამბები

ზაზა სარალიძე პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის

12 სექტემბერი, 2018 • 1701
ზაზა სარალიძე პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის

“ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში იღებდნენ მონაწილეობას თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით, მინდა ბოდიში მოვუხადო იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მათ მივაყენე”, – წერს ფეისბუკზე ზაზა სარალიძე, რომელიც კლინიკიდან გამოწერეს.

“მე მჯერა, რომ პოლიცია სამართლის გვერდით იდგა, დგას და იდგება. მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც, ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს”, – აცხადებს სარალიძე.

“იმედი მაქვს, აღარ განმეორდება მათი უღირსი უფროსებიდან არანაირი ზეწოლა ჩვენს მიმართ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა გაიმარჯვოს”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.


ზაზა სარალიძე, რომელიც გუშინ ღამით შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, საავადმყოფოდან გამოვიდა და პარლამენტთან მივიდა, გვაცნობა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კოტე მუმლაძემ ნეტგაზეთს 12 სექტემბერს უთხრა, რომ სარალიძის მდგომარეობა უკვე სტაბილური იყო და კლინიკიდან გაეწერა.

მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ გუშინწინ განაახლეს საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

გუშინ საღამოს, როდესაც აქციის მონაწილეებმა საწვიმარი კარვების გაშლა დააპირეს, პოლიციამ ხელი შეუშალა.

პოლიციასთან დაპირისპირებისას სარალიძე ცუდად გახდა — მან გონება დაკარგა.

ინგოროყვას კლინიკიდან “ნეტგაზეთს” აცნობეს, რომ მას სისხლში შაქრის შემცველობა ჰქონდა მომატებული: “ჰიპერგლიკემიური მდგომარეობით და სითხის ბალანსის დანაკარგით მიიყვანეს კლინიკაში, სადაც კორექცია მოხდა ამ ყველაფრის და გაეწერა”.

10 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციები განაახლეს;

იმავე დღეს სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლემა მკვლელებს აფარებს ხელს და დამნაშავეებს არ სჯის.

დღეს საღამოს, სავარაუდოდ, პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე კვლავ განახლდება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი