ახალი ამბები

მარიხუანის ექსპორტი დიდ რისკებს შეიცავს — პატრიარქის მოსაყდრე შიო

12 სექტემბერი, 2018 • 1395
მარიხუანის ექსპორტი დიდ რისკებს შეიცავს — პატრიარქის მოსაყდრე შიო

პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ არის მზად მარიხუანის ექსპორტზე გასატანად.

12 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ატარებს კონფერენციას სახელწოდებით – “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”.

კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ შიოს ჰკითხეს, როგორია საპატრიაქროს პოზიცია მთავრობის უკანასკნელ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოყვანა და ექსპორტი იგეგმება.

მეუფე შიომ თავდაპირველად თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან და განაცხადა, რომ მთავრობის ოფიციალურ პოზიციას დაელოდებოდნენ, თუმცა შემდეგ დასძინა:

“ზოგადი პათოსიც ასეთი იყო კონფერენციაზე, რომ ეს [მარიხუანის ექსპორტზე გატანა] დიდ რისკებს შეიცავს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არის მზად, რომ აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაციაც, რაც სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო განვითარებული სამედიცინო მიზნით კულტივაციაც”.

მეუფე შიოს თქმით, ეკლესიის პოზიცია მოგვიანებით უფრო დეტალურად გამოქვეყნდება.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბრის დილას განაცხადა, რომ  “მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელი მოხმარების პოპულარიზებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მკაცრ რეგულაციებში მოექცევა კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი