ახალი ამბები

უკრაინელ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია – ქორეპისკოპოსი იაკობი

12 სექტემბერი, 2018 • 4377
უკრაინელ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია – ქორეპისკოპოსი იაკობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნას ემხრობა. ის სინოდის პოზიციაზე არ საუბრობს, თუმცა თავად აცხადებს, რომ უკრაინის მოსახლეობას ამ მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს.

“უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია. საქართველოს ხომ უნდა ჰქონოდა ავტოკეფალია? უკრაინამ რა დააშავა?”, – თქვა მან.

ქორეპისკოპოსის თქმით, რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის რიგი საკითხების გადაწყვეტას დრო სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთისთვის დარტყმა იქნება.

“ცოტა ხანი დავაცადოთ და რუსეთის საპატრიარქო და მსოფლიო საპატრიარქო თავად გადაწყვეტენ ერთმანეთში ამ ამბებს. ეს შეიძლება იყოს, ხომ იცით, დომინოს პრინციპით სხვებსაც გადაედოს. ეს რუსეთზე საკმაოდ დიდი დარტყმაა. რუსეთი არის იმპერია. როცა იმპერიის საზღვრები იზრდება, რუსი ადამიანი ისეა მოწყობილი, შიმშილსაც მოითმენს და უმ კარტოფილსაც შეჭამს, მაგრამ თუ დაინახეს, რომ თუნდაც ეკლესიაში პრობლემა იქმნება, არამხოლოდ ეკლესიაში შეიქმნება ეს პრობლემა, არამედ სახელმწიფოშიც”, – განაცხადა იაკობმა მედიასთან საუბრისას.

დღეს თბილისში იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით – “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”. ქორეპისკოპოსმა სწორედ ამ ღონისძიების დაწყებამდე ისაუბრა უკრაინის ავტოკეფალიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი