2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით – ასეთია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების პოზიცია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაზე.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების განმარტება მოუწიათ მმართველი გუნდის ლიდერებს სტუმრებისთვის, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018” დასასწრებად. თავად სალომე ზურაბიშვილს კონფერენციის ორგანიზატორებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში მონაწილეობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
“ჩემთვის რთულია განვსაჯო სალომე ზურაბიშვილის განცხადება. თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან და მათ მითხრეს, რომ თავდაპირველ განცხადებას შესწორება მოჰყვა. თქვეს, რომ რუსეთი არის აგრესორი და ეს არის “ქართული ოცნების” პოზიცია. მე არაფრის დამატება არ შემიძლია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა.
უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი იხსენებს წინაპირობებს, რომლებიც ომს წინ უძღოდა ორი წლის განმავლობაში, მათ შორის- აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალის შეყვანა, ქართული დრონების ჩამოგდება, წყლისა და ღვინის ემბარგო, ეთნიკური ქართველების გაძევება რუსეთის ტერიტორიიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას. ჩრდილოეთ კავკასიაში.
“კითხვა, ეს იყო ქართველი ჯარისკაცი, რუსი თუ სამხრეთ ოსეთის, ვინც პირველი ტყვია გაისროლა, არარელევანტური კითხვაა. ეს ყველაფერი იყო რუსეთის დაგეგმილი და ორკესტრირებული შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს შეეძლო, უკეთ გაეკეთებინა რამე , მაგრამ პასუხისმგებელი კონფლიქტზე არის რუსეთი. საქართველოს ჯარები არ იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ რუსული ჯარია საქართველოში. მოსკოვი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე ვფიქრობ, ეს არის ამოსავალი წერტილი და ნუ მოახდენთ ფოკუსირებას იმაზე, ვინ ისროლა პირველმა”, – განუცხადა კურტ ვოლკერმა “ნეტგაზეთს”.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ამ კონტექსტში, მისი თქმით, დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში იყო ნარატივი, რომ საქართველოში ცხელთავიანები არიან და პროვოკაციას წამოეგნენ, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე და ყირიმის ანექსიის და დონბასში მიმდინარე მოვლენების შემდეგ აანალიზებენ, რომ ეს რუსეთს აქვს აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ. მისი თქმით, შეიძლება ვიღაცამ იდავოს, რამდენად გონივრულად მოიქცა საქართველოს წინა ხელისუფლება 2008 წელს, თუმცა ეს რუსეთი იყო, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა.
იგივე პოზიცია აქვს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკლევარ დევიდ კრამერს.
“საქართველოს ჯარი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ჩემთვის კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს, თუ რომელია დამნაშავე მხარე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კრამერმა.
კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018” ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა კითხვა სალომე ზურაბიშვილის განცხადების თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა დავით ზალკალიანმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.