ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ციხეებში დაახლოებით 160 პოლიტპატიმარი რჩება

11 სექტემბერი, 2018 •
აზერბაიჯანის ციხეებში დაახლოებით 160 პოლიტპატიმარი რჩება

რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანში ციხიდან ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი, პარტია ReAl-ის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი გაათავისუფლეს. ის არ არის პირველი პოლიტპატიმარი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ბოლო ხუთ წელიწადში ციხიდან გამოვიდნენ ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნუსები და სხვა ათეულობით ცნობილი პოლიტპატიმარი. თუმცა დღეისთვის კიდევ რჩებიან ალიევის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოტივებით დაკავებული მოქალაქეები, რომლებიც ადვოკატების ცნობით, ციხეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან. 

ილგარ მამედოვი 2013 წლის 4 თებერვალს აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილში ამავე წლის 23-24 იანვრის მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამომწვევი მოქმედებების ორგანიზებისა” და “პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის” ბრალდებებით დააკავეს. გამოძიების პროცესში პირველი ბრალდება უფრო დამამძიებელ გარემოებად გადაკვალიფიცირდა – “მასობრივი არეულობების ორგანიზება”. მამედოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალიტებთან ინტერვიუში ილგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ეს არის იმ ახალგაზრდების, იმ ადამიანების გამარჯვება, რომელთაც ნათელი მომავლის სჯერათ:

“ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი, რომლებიც მხარს მიჭერენ. თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რეალისტები და ადგილობრივი აქტივისტები, ჟურნალისტები და ადამიანები ჩემი გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მიაღწიეს ამას. ამიტომაც, ეს მათი გამარჯვებაცაა. მაგრამ ეს ნაწილობრივი გამარჯვებაა, ჩვენი მიზანია, სრულყოფილი გავხადოთ ის”, – განაცხადა მემედოვმა.

ეს გამარჯვება სრულყოფილი რომ არ არის, მამედოვი არ ტყუის. მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად შერბილებულია და ცდილობს დემოკრატიის რეაბილიტაციას, ციხეებში ასზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის კი ბევრს ჯერაც აწამებენ, ამცირებენ და ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დაახლოებით 50 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა [მათ შორის დაახლოებით 20 ცნობილი ფიგურაა], ამასთან, დღესდღეობით, აზერბაიჯანის ციხეებში პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, 161 პოლიტპატიმარი რჩება. ამასთან, აზერბაიჯანში დღეს არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ დააპატიმრებენ.

ილკინ რუსტამზადე ახალგაზრდრული ორგანიზაცია “ნიდას” წევრია და  2013 წელს დაკავებული 8 აქტივისტიდან ერთ-ერთია, რომელიც დააკავეს ბაქოს ცენტრში მრავალათასიანი სანქცირებული მიტინგის, სახელწოდებით “არა  ჯარისკაცების მკვლელობას [ჯარისკაცების არასაომარ მოქმედებებში სიკვდილის პროტესტის ნიშნად გაიმართა] ორგანიზების ბრალდებით.

ილკინ რუსტამზადე 7 წლით დააპატიმრეს. ის მოძრაობის ერთადერთი აქტივისტია, რომელიც ამ დრომდე საპატიმროში იმყოფება. დანარჩენი აქტივისტები სამი წლის წინ შეიწყალა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, თუმცა შემდეგი საპრეზიდენტო განკარგულებებიც არ შეხებია რუსტამზადეს.

მეტიც, რუსტამზადეს მშობლებსა და ადვოკატს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მას კვლავაც აწამებენ და ამცირებენ ციხეში. დააპტიმრების შემდეგ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. რამდენიმე დღის წინ ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც აღწერდა მის მიმართ სასტიკ მოპყრობას და ფსიქოლოგიურ წნეხს.

ელკინ რუსტამზადე ნათელი მაგალითია იმისა, რომ მასობრივი შეწყალებები სულაც არ არის ხელისუფლების შერბილების მაჩვენებელი, რამდენადაც ციხეებში დარჩენილ პოლიტპატიმრებს კვლავაც აწამებენ და ამცირებენ. ასევე ის მაგალითია იმისა, როგორ ეპყრობიან  იმ პატიმრებს, რომლებიც ვერ გადაიბირეს, რადგანაც ამდენწლიანი პატიმრობის განმავლობაში მას არასოდეს მიუმართავს შეწყალებისთვის.

ილკინ რუსტამზადე; Caucasian Knot

4 წელი შესრულდა ჟურნალისტ სეიმურ აზიევის დაპატიმრებიდან. ჟურნალისტი ადამიანის ცემაში დაადანაშაულეს. 2014 წელს მას თავს დაესხა უცნობი და სოციალურ ქსელებში მის კომენტარებთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენა. საპასუხოდ, სეიმურ აზიევმა უცნობს ხელში არსებული პლასტმასის ცარიელი ბოთლით ჩაარტყა, რის შემდეგაც ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ნახევარი წლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა – 5 წლიანი პატიმრობა. ბევრმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ჟურნალისტის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

თუმცა ჟურნალისტი კვლავაც სასჯელს იხდის და წლებია საყოველთაო შეწყალება მას არ შეხებია.

სეიმურ აზიევი; meydan.tv

ახალგაზრდა აქტივისტები, გიას იბრაჰიმოვი და ბაირამ მამედოვი ასევე მესამე წელია ციხეში არიან. აქტივისტებმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გააკეთეს წარწერა “მონების დღეს გილოცავთ!” და მეორე დღესვე მათ საცხოვრებელ ბინებში ერთი კილოგრამი ჰეროინი “აღმოაჩინეს”. თითოეულ მათგანს 11 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ადვოკატის განცხადებით, ციხეში მათ რეგულარულად აწამებენ.

სხვა ქვეყნების მოქალაქეები ხშირად აფიქსირებენ საკუთარ კრიტიკულ აზრს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა იმის გაგება, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება კრიტიკას არ ეგუება.

გიას იბრაჰიმოვი

ბაირამ მამედოვი; ფოტო: kavkaz-uzel

მასალების გადაბეჭდვის წესი