ახალი ამბები

დეპუტატების გამოხმაურება ძაძამიას და ჩაჩუას დაკავებაზე

21 მარტი, 2014 •
დეპუტატების გამოხმაურება ძაძამიას და ჩაჩუას დაკავებაზე

უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ლევან ჩაჩუა პროკურატურას სიმართლის ლაპარაკით ხელს უშლიდა და ამიტომ დააკავეს:

 

“ექსპერტიზას, რომელიც ზურას ჩაუტარდა, ამას მარტო ჩაჩუა არ ესწრებოდა, ექსპერტთა დიდი ჯგუფი იყო და ბევრი ადამიანი აწერდა ხელს დოკუმენტს. უბრალოდ, ჩაჩუა ძალიან უშლიდა ხელს პროკურატურას სიმართლის ლაპარაკით. დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ტყუილები თქვას და არ გამოვრიცხავ, რომ ძაძამიაც სწორედ ამ ნიშნით არის ჩამოყვანილი, რომ რაღაც ნიშნის გარიგება მოხდეს. ლევან ჩაჩუა იყო ადამიანი, რომელიც მათ ხელს უშლიდა. ეს დაკავება ძალიან უცნაურად მოხდა, დაკითხვაზე იყო ადამიანი, გამოუშვეს, კომენტარი გააკეთა და ისევ შეაბრუნეს. დღეს ძაძამია გამოჩნდა. ეს ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.

 

უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ მას იმთავითვე უკვირდა, რატომ არ დააკავეს მიხეილ ძაძამია:

 

“უმცირესობის მღელვარება, რომ არავითარ შემთხვევაში გაირკვეს სიმართლე, ჩემთვის გაუგებარია. მე ყოველთვის მაკვირვებდა, რატომ არავინ არასოდეს არასდროს აღელდა იმაზე, რომ ჟვანია არ იყო დაცული დაცვის მიერ? იმ კაცს დარღვეული რომ აქვს კანონი, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ თუ სხვა რამ იკვეთება, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგინდეს. არ ვარ მომხრე, რომ ვინმეზე რამე განსაკუთრებული ზეწოლა განხორციელდეს, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოებები იმდენად უმნიშვნელოვნად ჩაითვალოს, ყოფილმა პრეზიდენტმა შემოგვითვალოს, რა დროს ეგაა, რუსეთისთვის სანქციების დაკისრებაზე ვმუშაობო. ჟვანიას საქმის გამოძიებაც დროულია და გამოძიებული რომ არ იყო, ეს სირცხვილია. ძაძამია რატომ არ დაიჭირეს, რატომ არ კითხეს, რატომ მიატოვა ჟვანია მარტო და სხვა. რაც შეეხება ჩაჩუას, ორი დღის წინ აცხადებდა, გაყალბებულიაო და ახლა ირკვევა თურმე, რომ არ არის გაყალბებული, და არც ვკითხოთ?”

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2  ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი