ტელეკომპანია “იბერიას” განცხადებით, არხის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “იბერია” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ხუზმიაშვილის თქმით, კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. ხუზმიაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახით შეეზღუდა მუშაობა ომეგა ჯგუფს.
“ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. “იბერიას” ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია “იბერია”, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია “იბერია” და ვეღარ შევძლოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ “იბერია”. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება “ომეგა ჯგუფს”, – აღნიშნა ხუზმიაშვილმა.
ვითარება ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც შეაფასა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კომპანიაზე ზემოქმედებას ცდილობს, თავად კი კონსულტაციებს უცხოეთში გადის.
“უხილავი ძალები აღარ არის ის ბერკეტები, რომლებიც ომეგაზე ზემოქმედებენ. ეს არის ფინანსური ბერკეტები, სასამართლო, გინდა სამართალდამცავები და ეს მთელი პირამიდა.
…მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში, რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან, საქართველოს რეალობა და ახლა გავითვალისწინებ უცხოეთის რეალობას, თუ არის რაიმე შველა, როცა ხელია აღმართული ბანდისმიერი კრიმინალური ძალის თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიისა და ბიზნესის წინააღმდეგ, რომელიც მას ასაზრდოებს”, – განაცხადა ოქუაშვილმა ტელეარხის ეთერში.
“იბერია” ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე მიმდინარე წლის თებერვალშიც საუბრობდა. მაშინ ტელეკომპანია აცხადებდა, რომ კომპანია ომეგა ჯგუფი “სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ იყო” და ხელისუფლებას მოუწოდებდა, “აღეკვეთა უკანონო ქმედებები”.







