ახალი ამბები

თიბისი ბანკი 2014 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში

19 მარტი, 2014 • 1222
თიბისი ბანკი 2014 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში

„Global Finance“-მა  საუკეთესო ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე, 30 ქვეყანაში გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდოს თიბისი ბანკი ამ გამოცემისგან ზედიზედ უკვე მესამე წელია იღებს.

 

ბანკების შეფასება ხდება საერთაშორისო ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ფინანსური ინდუსტრიის ანალიტიკოსების, დიდი კორპორაციების აღმასრულებლებისა და საბანკო კონსულტანტებისგან. ისინი ბანკებს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევენ.  შეფასების კრიტერიუმებია: აქტივების ზრდა, მომგებიანობა, სტრატეგიული პროექტები, კლიენტების მომსახურების ხარისხი, კონკურენტუნარიანი შემოთავაზებები და ინოვაციური პროდუქტები.  

 

ჟურნალი „Global Finance” უკვე 21-ე წელია ავლენს საუკეთესო ბანკებს განვითარებად ბაზრებზე. კვლევა მოიცავს ლათინურ ამერიკას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას.    

 

„ბანკები, რომლებსაც ჩვენ ვაჯილდოებთ, ზოგჯერ ზომითა და გამოცდილებით  არ არიან პირველები, მაგრამ ისინი გამოირჩევნიან მიზნობრივი პროდუქტებისა და შეთავაზებების სრულყოფილებით იმ ბაზრებზე, რომლებზეც ოპერირებენ. ეს ბანკები მერყევი და არასტაბილური გარემოს მიუხედავად, საუკეთესოები არიან,“ –  ამბობს ჯოზეფ ჯიარაპუტო, „Global Finance”-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.   

 

„მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ უკვე მესამე წელია ვიღებთ ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს. ეს ჩვენ გვაძლევს მეტ სტიმულს, ვიყოთ პირველები როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით,“_ განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი