ახალი ამბები

სტუდენტებს, რომლებსაც ამ დრომდე IBSU აქვთ არჩეული, 7 უნივერსიტეტს სთავაზობენ

5 სექტემბერი, 2018 •
სტუდენტებს, რომლებსაც ამ დრომდე IBSU აქვთ არჩეული, 7 უნივერსიტეტს სთავაზობენ

იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე სტუდენტებს 7 უმაღლეს სასწავლებელს სთავაზობს:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი;
  • უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია;
  • ახალი უმაღლესი სასწავლებელი;
  • ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი.

ცენტრში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. მათივე ინფორმაციით,  ვაკანტური ადგილების წარდგენისთვის სასწავლებლებს 7 სექტემბრამდე აქვთ დრო. იმ პირებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, თუმცა ამ დრომდე IBSU აქვთ სასწავლებლად მითითებული, სახელმწიფო მობილობისთვის დროს 10 – დან 20 სექტემბრის ჩათვლით აძლევს. რიგგარეშე მობილობა IBSU -ს სტუდენტებთან ერთად შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც გამოცხადდა, რომელსაც 20 აგვისტოს საბჭომ იგივე სანქცია დააკისრა და ერთი წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა.

“ნეტგაზეთს” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ამ დრომდე მათი უნივერსიტეტი 106 სტუდენტს აქვს არჩეული.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს. უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას 10 სექტემბერს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავს იკავებენ საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისგან, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი ჯერ ბოლომდე კმაყოფილი არ არის ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამის შესახებ „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა ისაუბრა.

მან თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი