ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანის დეტალური განმარტებები ივანიშვილის ბრალდებებზე

19 მარტი, 2014 •
ვანო მაჭავარიანის დეტალური განმარტებები ივანიშვილის ბრალდებებზე

ბატონო ვანო, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და “საპარტნიორო ფონდიდან” თქვენი დათხოვნის საფუძველი 2012 წლის 1 ნოემბერს გახდა “შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა”. ბატონმა ბიძინამ გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფონდის მაშინდელმა დირექტორმა ნიკა გილაურმა მას შეუთვალა, რომ თქვენ არ დადიოდით სამსახურში და “ქრთამის სახით იღებდით ხელფასს” 7000 ლარის ოდენობით. ჩვენ დღეს ბატონ ნიკა გილაურთანაც ვცადეთ გასაუბრება ამ საკითხზე, თუმცა მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი. რეალურად, თქვენ დადიოდით სამსახურში? რა გახდა საპარტნიორო ფონდიდან თქვენი დათხოვნის მიზეზი, სადაც მუშაობდით აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე საგარეო ურთიერთობების საკითხებში?

 

საბოლოო ჯამში, მე მგონი, თვითონ ბატონმა ბიძინამ ისაუბრა, რაც იყო – მასსა და ბატონ გილაურს შორის საუბარი.

 

ანუ ადასტურებთ იმას, რომ თქვენ არ დადიოდით სამსახურში და ისე იღებდით ანაზღაურებას?

 

არა, არა, რას ლაპარკობთ?! მე ვმუშაობდი “საპარტნიორო ფონდში” საგარეო ურთიერთობების კუთხით, რაც არის ჩემი პროფესია, ზოგადად, და სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ ასპარეზზე, არ მერიდებოდა და არ მეშინოდა ბიძინასთან ურთიერთობა და ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა გილაურმა და სხვებმაც, ვინც იქ მუშაობდა. მე როცა იქ ვმუშაობდი, მაშინ იყო იქ ირაკლი ეზუგბაია დირექტორი, ვმუშაობდი ზუსტად საგარეო მიმართულებით, მსგავს საპარტნიორო ფონდებთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც ვაკეთებდით და მიდიოდა რამდენიმე პროექტზე მუშაობა იაპონიის თუ კორეელ ინვესტორებთან, კონკრეტულად ჰიდროელექტროპროექტებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩემი ჩართულობა, რა თქმა უნდა, იყო.

 

ზუსტად იმის მერე, რაც მე ბიძინასთან მქონდა შეხება, მე შემექმნა ძალიან ბევრი პრობლემა, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ ჩამომაშორეს ჩემს საქმეს. მე ჩემი პოლიტიკური თუ კრიტიკული დამოკიდებულება არასდროს შემიცვლია და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სირთულეები შემექმნა, იყო ჩემი შეხება ბიძინა ივანიშვილთან. საბოლოო წვეთი იყო ის, რომ გილაურმა ბოლო ერთ-ერთი თათბირი ჩაატარა, სადაც ძალიან შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინას და მოითხოვა, რომ ვისაც აქვს სხვა პოლიტიკური შეხედულებები და იზიარებს “ოცნების” იდეებს, შეუძლია დღესვე დაწეროს სამსახურიდან წასვლაზე განცხადება და მქონდა მასთან ძალიან ღია კონფრონტაცია და საუბარი ამ თათბირზე, რომლის მომსწრეები არიან “საპარტნიორო ფონდის” სხვა თანამშრომლები და მან ღიად მითხრა, რომ აუცილებლად გამათავისუფლებდა სამსახურიდან და მერე, სხვათა შორის, ეს გააკეთა კიდეც.

 

ეს თათბირი საპარლამენტო არჩევნებამდე იყო?

 

დიახ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სადაც გილაური მოგვიწოდებდა ღიად, რომ მხარი დაგვეჭირა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, სხვა შემთხვევაში- დღესვე დავწეროთ განცხადება, რაზეც მე ვუთხარი, რომ მე მზად ვარ დღესვე დავწერო განცხადება. ამას მოყვა ზუსტად ის, რომ მან თქვა, რომ დამითხოვასავით სამსახურიდან. მე მაინც დავდიოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ჩვევა არის ეს. ბოლოს იყო ერთ-ერთი ეთერი, სადაც მე ვიყავი შალვა რამიშვილთან და მანდ იყო საუბარი “საპარტნიორო ფონდთანაც”, ზუსტად აი, ამ თათბირთან დაკავშირებით და ზუსტად იმ დღეს, როდესაც მე ვიყავი იქ, გილაურმა იურისტს დაავალა, რომ მოეძებნა ყველაზე იოლი საბაბი, რის გამოც მე სამსახურიდან გამათავისუფლებდა.

 

“შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა” – ოფიციალურად ამ მოტივით გაგათავისუფლეს. შესაბამისად, თქვენი კონტრაქტი შეწყდა შრომის კოდექსის მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით (ამ პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება). რაში გამოიხატა თქვენი მხრიდან ეს დარღვევები?

 

არაფერში. უბრალოდ, მანდ მუქარა იყო, რომ მომხსნიდა სამსახურიდან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მან [გილაურმა] ეს აღასრულა.

ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი
ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი

 

მაგრამ ეს მოხდა არჩევნების შემდეგ, ეს როგორ შეიძლება აიხსნას? – მაშინ, როდესაც იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელთან თანამშრომლობის გამო თქვენ გდევნიდნენ მანამდე, ამის შემდეგ მოხდა თქვენი დათხოვნა. ეს ცოტა შეუსაბამოდ არ გეჩვენებათ?

 

იმიტომ, რომ ელემენტარულად მათ მიაჩნდათ, რომ ეს მომენტი უნდა ყოფილიყო შერჩეული. თვითონ გილაური იშვიათად დადიოდა სამსახურში, ამიტომ რთული იყო მისი ნახვა. როგორც ჩანს, მან ირაკლი კოვზანაძესთან ერთად ქულები დაიწერა ივანიშვილთან. მათ ჩათვალეს, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება რაღაც დივიდენდს აძლევდა მათ.

 

ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ახლა არის “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი, იმ პერიოდში, როცა თქვენ შეგექმნათ პრობლემები, უკვე დასაქმებული იყო იქ?

 

ირაკლი კოვზანაძესთან ერთად გილაურმა ასე მოითათბირა და მინდა შეგახსენოთ, რომ ირაკლი კოვზანაძე იყო “ნაციონალური მოძრაობის” საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ საპარლამენტო მოწვევაში, რომ ვერ შეთანხმდნენ კონკრეტულ იმ პოლიტიკურ ამბიციებზე, რაც მას გააჩნდა ნინო ბურჯანაძესთან ერთად, თორემ ის რეალურად იყო ერთ-ერთი აქტიური “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მე არასდროს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პოლიტიკური კავშირი მე არ მქონია.

 

პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნა საბაბად გამოყენებული, რომ ის პოლიტიკური მუქარა, რომელიც იყო გილაურის მხრიდან, როგორც ჩანს, ეს გაიზიარა კოვზანაძემ იმის გამო, რომ ბიძინასაც, როგორც ჩანს, დარჩა ეს რაღაცნაირად არასწორი ინფორმაციის გამო გარკვეული წყენა. მათ ჩათვალეს, რომ ეს ყველაზე იოლი გზა იყო ჩემი გათავისუფლების. თორემ მე ჩემს საქმეს 20 წელია ვაკეთებ, მიცნობს ძალიან ბევრი ადამიანი.

 

ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა 2011 წლის ოქტომბერში, თქვენ მას როდის შეხვდით, როდესაც მან თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიგიყვანათ მასთან.

 

ნოემბერში.

 

ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ რეალურად თქვენ მასთან მიხვედით “ნაციონალური მოძრაობის” შესაშინებლად, რომ შემდეგ სარფიანად დასაქმებულიყავით. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მართლაც ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, 2012 წლის იანვარში დასაქმდით.

 

არა, არა, მე მანამდე ვმუშაობდი იქ უკვე. 2011 წელს უკვე ვმუშაობდი მანდ საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც იყო საპარტნიორო ფონდში საგარეო ურთიერთობების კუთხით, მაშინ ამ პოზიციას ერქვა – ოფიცერი, მერე გადააკეთეს თვითონ, რეორგანიზაცია გააკეთეს ფონდის და ყველას, ნებისმიერი, ვინც კი მუშაობდა ოფიცრად, ყველას დაარქვეს მოადგილე, შესაბამისად, მე იქ უკვე ვმუშაობდი ერთი წელი, სანამ მოხდებოდა რეორგანიზაცია.

 

ანუ რეალურად ისე არ მომხდარა, როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა და მასთან ერთიერთობის შემდეგ არ მომხდარა თქვენი დასაქმება ე.წ. ქრთამის სახით?

 

არა, რა დასაქმება მოხდა, ეს კიდევ ვიღაცამ გადაატრიალა, მიუტანა ენა, რომ თავისი ჭკუით ქულები დაეწერა. მე მანამდე ერთ წელზე მეტი ვმუშაობდი იქ, საპარტნიორო ფონდში. ბიძინამ ეს ძალიან კარგად იცოდა, მითხრა კიდეც, რომ გააგრძელე მუშაობა და თუ პოლიტიკური ნიშნით მოგხსნიან, ძალიანაც კარგი, ამასაც შესაბამის შეფასებას მივცემო. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მიშას [მიხეილ მაჭავარიანი – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი] ძმა ვიყავი და პირიქით, პოზიციას აფიქსირებდა, რომ მე მქონდა განსხვავებული პოზიცია და არ მერიდებოდა ამაზე საუბარი.

 

მან ძალიან კარგად იცოდა ჩემი შესაძლებლობები საგარეო ურთიერთობების კუთხით და, შესაბამისად, სწორად აფასებდა. ერთადერთი განსხვავება იყო, რომ მე მიმაჩნდა, რომ შიდა თემები არის ის თემა, რომელზეც მე არ ვიმუშავდები სხვადასხვა მიზეზების გამო. არანაირი ხელფასის ზრდა არ მქონია საპარტნიორო ფონდში და არანაირი 7000 ლარი ცხოვრებაში არ მიმიღია.

 

აბა, რამდენი იყო თქვენი ანაზღაურება?

 

არ ვიცი, არ მახსოვს, მე მგონი, 3500 თუ 4500 იყო, დიდი ხნის წინ იყო, ყოველ შემთხვევაში, ის ხელფასი, რაც ჰქონდა ყველას.

 

ბატონო ვანო, რით ახსნით ბატონი ბიძინას გუშინდელ განცხადებას და მანამდე თუ გქონდათ, სანამ საჯაროდ ალაპარაკდებოდა, ამ საკითხზე ინფორმაცია, რომ ის თქვენზე ნაწყენი იყო და რეალურად თქვენ გახდით მასსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის ერთ-ერთი დაპირისპირების მიზეზი?

 

მე, სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ვიცოდი, რომ იყო გარკვეული აზრთა სხვაობა, მაგრამ ასეთი სიმწვავით თუ იყო, მე ახლახან შევიტყვე. არ დაგიმალავთ და, ბიძინა ვნახე საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, ფილარმონიაში კონცერტზე, სხვათა შორის, ძალიან კარგად შევხვდით, ვილაპარაკეთ, მომიკითხა, ეს იყო მას შემდეგ, რაც გილაურმა გამომიშვა.

 

როცა ვნახე ბიძინა, სიმართლე გითხრათ, არანაირი შთაბეჭდილება არ მქონია იმაზე, რომ… პირიქით, მე როგორც ვიცი, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ ვანოც ჩაერთვება ამ საქმეებში. როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა არ იცის და თავიანთ ინტერპრეტაციას აძლევს, რომ ბიძინა ამას მიესალმებოდა, ზოგადად, რომ კარგი იქნება, რომ ვანო ახლა მაინც ჩავრთოთ ამ საქმეებში და ეს იყო განწყობა.

 

მერეც ვნახე, სხვათა შორის, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ძალიან თბილად შევხდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ეს არ მოეწონათ და შექმნეს ძალიან დიდი თემა ამისგან.

 

ეს ვიღაც-ვიღაცები ვინ შეიძლება იყოს?

 

არ ვიცი, მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ …

 

თქვენთვის როდის გახდა ცნობილი, რომ ბატონ პრეზიდენტთან პრობლემა შეექმნა თქვენს გამო?

 

ჩემს გამო – ეს, მგონი, მხოლოდ ერთ-ერთი საბაბია და, როგორც ჩანს, სხვა თემებიც არის…

 

ეს დაპირისპირება რამდენიმე თვის ამბავია, რომელიც მწიფდებოდა, თუ რამდენიმე კვირის?

 

მე არ ვერევი ამ თემებში, ჩემი თემა არის საგარეო მიმართულებით, ამიტომ ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილი, ასეთი სიმწვავის თუ იყო ეს თემატიკა და მე ზოგადად ვიცოდი, იმიტომ, რომ როცა, ვთქვათ, ვიზიტებზე არ მოდის დელეგაცია, პარლამენტში არ მოვიდა მთავრობა, ამის ნიშნები მეც დავინახე, რომ ეს გაუგებრობა არის.

 

თქვენ არ გქონიათ პრეზიდენტთან ამ საკითხებზე საუბარი?

 

არა, არ ვერევი იმ თემებში, რომელიც ჩემი არ არის, ზუსტად იმ პრინციპის გამო, რომ ეს არის შიდა პოლიტიკის თემა, რომელშიც მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ არ ჩავერიო. მე არ მქონია ზედმეტი ჩაკითხვა, ჩვენ ამითი არა ვართ დაკავებულები.

 

ბატონ ბიძინას თქვენთან მიმართებაში რაიმე სხვა მოლოდინი ჰქონდა, როდესაც გუნდში მიხვედით? თქვენ შიდა პოლიტიკა ახსენეთ, რომ არ ჩაერეოდით, მისგან იყო ამის მოთხოვნა, რომ შიდა პროცესებშიც ყოფილიყავით აქტიური მონაწილე?

 

კი, მას უნდოდა, რომ ვყოფილიყავი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. მე მას ძალიან მოკრძალებით მადლობაც ვუთხარი და ვუთხარი, რომ მე რითიც ვარ დაკავებული, საგარეო მიმართულებით მინდა, რომ ამით დავკავდე – სუფთა პროფესიული კუთხით და არა პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობით, რომელიც ჩემთვის არ არის ნაცნობი და საინტერესო, და მჯეროდა, რომ იქ ჩემი ეფექტურობა საკმაოდ დაბალი იქნებოდა სხვადასხვა გარემოებების გამო. მაგრამ ის, რომ მე მქონდა აღქმა, რომ ბიძინასთვის მისაღები იყო საგარეო მიმართულების კუთხით ვითანამშრომლებდით ადრე თუ გვიან, მე ამ შთაბეჭდილებით წამოვედი შეხვედრიდან და შემდგომშიც ეს განწყობა მქონდა, სანამ არ აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე. 

 

თქვენ არ მოგეცათ შესაძლებლობა, რაც დაიძაბა ურთიერთობა თქვენ გარშემო, შეხვედროდით ბატონ ბიძინა და აგეხსნათ მისთვის ყველაფერი?

 

არც მიცდია იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ამ პროცესებში ჩართული. მე შემოთავაზება მქონდა, შესაბამისად, ვერ მივიღე ეს შემოთავაზება, ამიტომ მე არ მქონია ისეთი შეხება შემდგომ ბიძინასთან. მე ჩავთვალე, რომ ზუსტად გიორგი მარგველაშვილის შტაბში მუშაობით საგარეო მიმართულებით, მრჩევლად თუ გუნდთან, რომელიც მუშაობდა იქ და შემდგომში საპრეზიდენტო აპარატში, როგორც მრჩეველი და ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა, როგორც სხვებს ჰგონია, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი სწორედ კრიტიკული პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც მქონდა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ზოგადად და მათი ხოტბის შემსხმელი და წევრი არასდროს ვყოფილვარ. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და მანამდეც არ მაკლდა პრობლემები იმის გამო, რომ თეთრს ვარქმევ თეთრს და შავს ვარქმევ შავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი