ახალი ამბები

საზმაუს თანამშრომლები მენეჯმენტის გადაწყვეტილებისა და სასამართლო დავის მოლოდინში

5 სექტემბერი, 2018 • 1808
საზმაუს თანამშრომლები მენეჯმენტის გადაწყვეტილებისა და სასამართლო დავის მოლოდინში

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო გრაფიკისა და ანაზღაურების ფორმის შეცვლაზე უარს არ იტყვის, მაუწყებლის პროფკავშირი დავას სასამართლოში განაგრძობს. ამის შესახებ პროფკავშირის თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მისი თქმით, ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გაცხადდეს. თუმცა, ზაუტაშვილის განცხადებით, 4 სექტემბერს, ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, მისი პოზიციის შეცვლის მოლოდინი არ აქვს.

“ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ[ადმინისტრაციასთან] ნებისმიერი პოზიტიური ნაპერწკალიც კი გაქრა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონკრეტული მენეჯმენტი ტელევიზიაში მოსულია იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამოიყვანონ მწყობრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი.

…ველოდებით პასუხს. შემდეგ გავაკეთებთ პრესკონფერენციას. თუ ამ ადამიანებისთვის არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, სასამართლოში წავა დავა, თან კოლექტიური სახით. დავა გაგრძელდება პროფკავშირის წევრების დისკრიმინაციის კუთხითაც.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ მიმართვას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისადმი, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვთ პარლამენტთან შეხვედრას, ასევე მივმართავთ პრემიერის აპარატს; ყველას, ვისაც ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლია, რათა ეს ჩანაცვლების პროცესი შეჩერდეს”, – აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე ხელმძღვანელობის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები სისტემის მოწესრიგებას ემსახურება. ზაუტაშვილის თქმით, არგუმენტს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მენეჯმენტს ვითარების მოწესრიგებისთვის ქმედითი არაფერი გაუკეთებია; ასევე არ ენდობა მენეჯმენტის გზავნილს, რომ თანამშრომლებს შრომითი პირობები ეცვლებათ, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა სამსახურში რჩება:

“როცა წელიწადსა და ცხრა თვეში ადამიანი 1 ქულით მაინც ვერ აუმჯობესებს სურათს, ეს ნიშნავს, რომ მას[ვასილ მაღლაფერიძეს] არანაირი სისტემის მოწესრიგება არ აქვს დაგეგმილი. საშტატო განრიგი არ არსებობს. არ არსებობს ელემენტარული შეფასების სისტემა, ნებისმიერი სამუშაოს აღწერილობა… როცა 2017 წლის ბოლოს აუდიტი შემოვიდა და თქვა, რომ შტატები იყო გაბერილი, ამ შტატებს მან კიდევ დაამატა კადრები. ეს კაცი აქ სისტემის მოსაწესრიგებლად მოსული არ არის.

აბსოლუტური სიცრუეა, რომ ამ ადამიანებს დღიურ ანაზღაურებაზე დაუძახებენ. მაგალითად, ტელევიზიის ჩართვის ჯგუფის 4 წევრს, რომლებიც გაათავისუფლეს [ცვლილებების შეეხოთ] და გამორიცხულია, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისთვის საჭირო არ გახდნენ, “ცესკოში” აკრედიტაცია შეუჩერეს. ასე რომ, ფაქტია,  მათ მიმართ სამომავლოდ არანაირი შეთავაზება არ იქნება. ჯერ გაშვებული არ არის სამსახურიდან და უკვე შეუჩერეს აკრედიტაცია, რაზეა საუბარი”.

დავა ყოფილ თანამშრომლებთან – საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოცდილება

მენეჯმენტის გადაწყვეტილების გახმაურებამდე, უცნობია, გააგრძელებს თუ არა პროფკავშირი დავას სასამართლოში. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს თანამშრომლებთან სამართლებრივი დავა აქამდეც არაერთგზის ჰქონია.

მაუწყებლის 2018 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში საზმაუს წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში 20 საქმე განიხილებოდა. აქედან 11 შემთხვევაში სარჩელები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხება. მოსარჩელეები ძირითადად ითხოვდნენ გათავისუფლების ბრძანების გაბათილებას, სამუშაოზე აღდგენას ან განაცდურის ანაზღაურებას.

3 საქმეს საქალაქო სასამართლო ამ დრომდე იხილავს, დანარჩენ შემთხვევაში კი, უმეტესად, სარჩელები ნაწილობრივ კმაყოფილდებოდა; კერძოდ, მაუწყებლის მიერ გაცემულ ბრძანებას მათი გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობდნენ და ორგანიზაციას კომპენსაციას აკისრებდნენ. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • გიორგი ბაქრაძე მაუწყებლისგან კომპენსაციის(განაცდურის სახით) 185 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
  • ილია ნატროშვილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. საქალაქომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ კი- ნაწილობრივ. კერძოდ, გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნეს, კომპენსაციის სახით კი მაუწყებელს 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს.
  • ვახტანგ კანდელაკი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. საქალაქომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ კი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება ბათილად ცნო და მაუწყებელს კანდელაკისთვის 16 250 ლარის გადახდა დააკისრა.
  • ეკატერინე მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი ხელფასის გამო საურავის დარიცხვას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწეილობრივ დააკმაყოფილა: ბათილად ცნო მისი დათხოვნა და მაუწყებელს მიშველაძის სასარგებლოდ 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა. საზმაუმ გადაწყვეტილება, მიშველაძემ კი დაუკმაყოფილებელი ნაწილი სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ არცერთი სარჩელი დააკმაყოფილა.
  • ბესიკ შარაშიძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. საქალაქომ ბრძანება ბათილად ცნო და საზმაუს დაავალა შარაშიძისთვის 22 500 ლარის გადახდა. მაუწყებელმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
  • გაგა მოდებაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. სარჩელი საქალაქომ სრულად დააკმაყოფილა, სააპელაციომ კი ძალაში დატოვა. ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელს განჩინება საკასაციო წესით აქვს გასაჩივრებული.
  • ნათია ბერსენაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. დავა მხარეთა მორიგებით დასრულდა.
  • ლაშა მესხი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ ნაწილში, რომლითაც მისი მოქმედების ვადა 1 თვით განისაზღვრა. ასევე ითხოვდა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გაბათილებას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და განსხვავებულ შეხედულებათა გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. საქალაქო სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მაუწყებელს განჩინება სააპელაციოში აქვს გასაჩივრებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი და მენეჯმენტი ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტებზე, რომელთა თანახმადაც 70-მდე თანამშრომელი “საათობრივი დასაქმების რეჟიმზე” გადადიოდა.

4 სექტემბერი ბოლო ვადა იყო ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერად. იმის გამო, რომ ეს კონტრაქტები მათ არ აძლევდა სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თანამშრომლებისთვის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, თუკი კონტრაქტს ხელს გუშინ არ მოაწერდნენ, დასაქმებულები ავტომატურად გათავისუფლდებოდნენ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გახმაურებულა. ამავე დღეს გაიმართა შეხვედრაც მხარეებს შორის.

წინა დღით ტელევიზიის ადმინისტრაციამ უარყო პროფკავშირის ცნობები და განაცხადა, რომ ცვლილებები თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, გრაფიკისა და სისტემის მოწესრიგებას ემსახურება, სამსახურიდან კი მხოლოდ ისინი თავისუფლდებიან, ვინც სამსახურში “ფაქტობრივად არ დადიოდა”.

“ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმძღვანელობის თქმით, ცვლილებების შემდეგ შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთი, დღეების მიხედვით განისაზღვრება და სამუშაოს შესრულება დავალების შესაბამისად განხორციელდება; ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი, ჯამში, 70-მდე კადრს ეხება და არა 150-ს როგორც ამას პროფკავშირი იუწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი