ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების სისტემა ამოქმედდა – რას გულისხმობს ეს?

3 სექტემბერი, 2018 • 3426
ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების სისტემა ამოქმედდა – რას გულისხმობს ეს?

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი.

რისკების შეფასების ახალი სისტემის მიხედვით, სამართალდამცველები 22 კითხვისგან შემდგარი, სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით შეაგროვებენ ინფორმაციას ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ, განსაზღვრავენ ძალადობის განმეორების რისკის დონეს, რის მიხედვითაც დაგეგმავენ მონიტორინგის პროცესს.

შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, თავის მხრივ, მოძალადესთან და მსხვერპლთან კომუნიკაციას გულისხმობს – თუ რისკი მაღალია, მოძალადის კონტროლი უფრო ინტენსიური იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა ინსპექტორი გოგა ხატიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ აქამდე არ არსებობდა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელიც პოლიციელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა დაესვა, ხოლო მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაციას ყველა პოლიციელი ინდივიდუალურად გეგმავდა.

“რისკების შეფასების სისტემით პოლიციელი შეძლებს, განსაზღვროს ძალადობის განმეორების სამდონიანი რისკი: დაბალი, საშუალო და მაღალი. სტრუქტურირებულ კითხვარში თითოეულ შეკითხვას, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს ქულა. ერთქულიანი შეკითხვები არის დაბალი რისკის განმსაზღვრელი, სამქულიანი – საშუალო, ხოლო ხუთქულიანი – მაღალი რისკის განმსაზღვრელი. მაგალითად, თუ ერთ ხუთქულიან შეკითხვაზეც კი დაფიქსირდა ხუთქულიანი პასუხი, ეს ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს ძალადობის განმეორების მაღალი რისკი. ძალადობის განმეორების მაღალი რისკის შემთხვევაში, სამართალდამცველმა შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში მსხვერპლთან უნდა განახორციელოს 5 სატელეფონო გასაუბრება, ორი გეგმური და 2 არაგეგმური ვიზიტი მის საცხოვრებელ ადგილზე. მონიტორინგს ყველაზე ღირებული ის აქვს, რომ არამარტო მსხვერპლთან კომუნიკაციას ახორციელებს, ასევე მოძალადესაც უკავშირდება. მაღალი რისკის შემთხვევაში პოლიციელი მინიმუმ ორჯერ უნდა შეხვდეს მოძალადეს და განუმარტოს, რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ ვალდებულებებს დარღვევს”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მსხვერპლთან ხშირი კომუნიკაციის მიზანი არის არა მისთვის დისკომფორტის შექმნა, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მშვიდად გრძნობს მსხვერპლი თავს, ფიქსირდება თუ არა მოძალადის მხრიდან რაიმე სახის დარღვევები და ა.შ.

მიმდინარე წლის განმავლობაში (17 აგვისტოს მდგომარეობით), ოჯახში მომხდარი დანაშაულისთის სისხლის სამართლის საქმე 2 949 შემთხვევაში აღიძრა, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობამ კი, 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, 4 053 შეადგინა. (2017 წელს გამოცემულია 4 370 ორდერი, 2016 წელს – 2877).

შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებლის ზრდას გოგა ხატიაშვილი ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის:

“მომართვიანობის გაზრდა, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცველი უწყებების მიმართ ნდობა არის გაზრდილი, მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერების განვითარების პარალელურად მსხვერპლები აღარ მალავენ ძალადობას და ცდილობენ, რომ თავი დაიცვან მოძალადისგან”, – აცხადებს ხატიაშვილი.

ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი