ახალი ამბები

თურქეთის შსს-ს ყველა უწყების შესასვლელში ერდოღანის პორტრეტებს დაკიდებენ – ბრძანება

1 სექტემბერი, 2018 • 4580
თურქეთის შსს-ს ყველა უწყების შესასვლელში ერდოღანის პორტრეტებს დაკიდებენ – ბრძანება

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრძანება გასცა, სამინისტროზე დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუციის შენობის შესასვლელში რეჯეფ თაიფ ერდოღანის პორტრეტები ჩამოკიდონ. ამის შესახებ თურქული გამოცემები წერენ.

გამოცემა Diken-ის ინფორმაციით, ბრძანებები უკვე გაეგზავნათ ცენტრალური ჟანდარმერიის სარდლობას, ნაციონალური პოლიციის დირექტორატს, სანაპირო დაცვის სამსახურს, საიმიგრაციო ორგანოს, სამაშველო სააგენტოსა და სხვა ოფიციალურ უწყებებს ქვეყნის 81-ვე პროვინციაში. დოკუმენტის თანახმად, პორტრეტები უნდა იყოს ფერადი, 50 x 70 სმ-ზე.

ზემოაღნიშნული ბრძანება 31 ივლისით თარიღდება, თუმცა თურქულ მედიაში მიმდინარე კვირაში გავრცელდა.

ამ დრომდე, ქვეყნის საჯარო დაწესებულებებში მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტების განთავსება იყო სავალდებულო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეორე ვადით მიმდინარე წლის ივნისში აირჩიეს. თურქეთში საპარლამენტო რესპუბლიკის ეპოქა დასრულდა და ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელზე გადავიდა, რის შემდეგაც ერდოღანის ძალაუფლება უპრეცენდენტოდ გაიზარდა. ხელისუფლების აზრით, საპრეზიდენტო მმართველობა თურქეთის მომავალს წაადგება, კრიტიკოსთა შეფასებით კი, აღნიშნული მოდელი ამჟამინდელი პრეზიდენტის პირობებში ქვეყანას ავტორიტარიზმს უქადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი