არჩევნებში მონაწილეობის არ ვაპირებ – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრას ასევე ესწრება ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი.

როგორც მარგველაშვილმა თავის მიმართვაში განმარტა, მისი პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ემსახურებოდა არა რომელიმე ელიტურ ჯგუფს, არამედ მოქალაქეებს.

“მინდა გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ  ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, მეგობრობთან ერთად. და გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, არამედ სხვა ფორმით, თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა დიდია და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება ქვეყანა მომავალში. მისივე თქმით, მოქალაქეების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიულია.

“იმ პოლიტიკოსის, რომელიც მომავალში  ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ერთადერთი საზომი, მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ ემსახუროს ქვეყანას, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, სხვა ადამიანი ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი,” – დასძენს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მთავარი მოვალეობაა, გააერთიანოს ერი, ხოლო ყველა მცდელობა ერის ერთმანეთთან დაპირისპირების უნდა აღმოიფხვრას ყველა შესაძლო გზით.

“ჩვენ ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ამ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებაში ვემსახურებით მთავარ ღირებულებებს – სამშობლოსა და დემოკრატიას,” – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან