ახალი ამბები

ასოცირების სამი წელი: ევროპარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას

31 აგვისტო, 2018 • 1855
ასოცირების სამი წელი: ევროპარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს. დოკუმენტი ქვეყნისა და ევროგაერთიანების სამწლიან თანამშრომლობას აჯამებს და როგორც საქართველოს მიღწევებს, ისე გამოწვევებსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციებს აერთიანებს.

რეკომენდაციათა დიდი ნაწილი კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობას ეხება. ამ კონტექსტში, ევროპარლამენტი მოხარულია მთავრობის ბრძოლით კორუფციასთან, პროგრესით სასამართლო რეფორმაში, სამოქალაქო სერვისის კანონის მიღებითა და  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით. თუმცა, ასევე  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,

  • ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოს და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოაყალიბოს;
  • შექმნას ეფექტური მექანიზმი სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ პირთა მიერ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების გამოსაძიებლად.
  • უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მეტი გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.
  • გააუმჯობესოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის რეფორმის აღსრულება.
  • განიხილოს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის რეფორმას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა კონტექსტში, ევროპარლამენტი მოხარულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნით, პრესის თავისუფლების ინდექსში კი საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებით, თუმცა აქვე მოუწოდებს ხელისუფლებას,

  • გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმი და ამ კუთხით სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ითანამშრომლოს. შექმნას უსაფრთხო გარემო ქვეყნის შიგნით მომუშავე უფლებადამცველებისთვის;
  • გადადგას ნაბიჯები დაუცველი ჯგუფების ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად სიძულვილის ენასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლით, მათ შორის, შრომის ბაზარზე, ლგბტქი ადამიანების, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისა და უმცირესობების მიმართ.
  • გადადგას ნაბიჯები ქალთა დასაცავად ყველა სახის ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან და გაზარდოს მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკაში, ისე შრომის ბაზარზე.
  • ხაზი გაუსვას თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მასმედიის მნიშვნელობასა და საკვანძო დემოკრატიულ პრინციპებს.

ევროპარლამენტის შეფასებები და რეკომენდაციები ასევე შეეხება შრომის ბაზარსაც. მოწოდებები ძირითადად ეხება  ბავშვთა შრომის, შრომის ინსპექციის გაუმჯობესებისა და პროფესიული კავშირების თავისუფლების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით ევროპარლამენტი მოხარულია საქართველოსა და ევროკაშირის თანამშრომლობით, თუმცა მთავრობას მოუწოდებს, ნაბიჯები გადადგას ენერგოდამოუკიდებლობის, განახლებადი ენერგიისა და კანონმდებლობის შესაბამისად დახვეწის კუთხით.

ანგარიში ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა მოამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი