ახალი ამბები

მუხის ხეში სამლოცველოს გახსნის ინიციატორს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა

14 მარტი, 2014 • • 2765
მუხის ხეში სამლოცველოს გახსნის ინიციატორს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა

ამირან ხვადაგიანის თქმით, ცდილობს ბაღში ორიგინალური და განსაკუთრებული საქმეები გაკეთდეს. ხვადაგიანი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2006 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა, ხოლო ამჟამად საკრებულოს რიგითი წევრია, ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში 30 წელი არაფერი გაკეთებულა:

 

“მხოლოდ საფრანგეთში და საბერძნეთში არის ხეებში სამლოცველოები. ძალიან მინდოდა ჩვენც გაგვეკეთებინა. ბოტანიკურ ბაღში 30 წელია ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. აქ არიან ადამაინები, რომლებმაც ბოტანიკური ბაღი შეუნარჩუნეს ქალაქს, მაგრამ რაც შეეხება კეთებას, არაფერი გაკეთებულა იმიტომ, რომ კეთება ფინანსებთან არის დაკავშირებული, არადა, ბოტანიკური ბაღის სახით ქუთაისს აქვს ერთ-ერთი დიდი ფასეულობა, დიდი ოქროს ფონდი.”

სამლოცველო მუხის ხეში
სამლოცველო მუხის ხეში

 

გარდა სამლოცველოსი, ამირან ხვადაგიანის თქმით, ბაღში ამფითეატრიც გაკეთდა. ასევე გაკეთდა გულის ფორმის ქანდაკება, სადაც მისივე მტკიცებით, შეყვარებულები ორიგინალურ რიტუალებს ატარებენ:

 

“ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს აქვს ამფითეატრი, რომლის მსგავსი მარტო საქართველოში კი არა, იმის იქითაც რთულად მოიძებნება, ისეთ სამყაროშია, ისეთ სივრცეშია. გავაკეთეთ გულის ქანდაკება, სადაც შეყვარებულები მიდიან, ორიგინალურ რიტუალებს ასრულებენ, ერთმანეთს ფიცს აძლევენ და ა.შ. ძალიან ბევრი რაღაცები შევძელით მოკლე დროის განმავლობაში. ქუთაისის საზოგადოებამ დაინახა, რომ ბოტანიკური ბაღი არ მომკვდარა და ცოცხლდება.”

 

დღეს, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამირან ხვადაგიანს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს. კითხვაზე, რამდენად უკავშრიდება ამ სტატუსის მინიჭება ბოტანიკურ ბაღში მის მიერ გაწეულ სამუშაოებს, ხვადაგიანი პასუხობს, რომ ესეც პატარა ელემენტია:

 

“მთელი ჩემი ცხოვრება ქუთაისთანაა დაკავშირებული, გულით და სულით ვემსახურები ამ ქალაქს. ჯილდოებთან და სტატუსებთან მუდამ მქონდა ჩემი დამოკიდებულება, რომ სტატუსი არაფერს განსაზღვრავს, მაგრამ მინდა გულახდილად გითხრათ, რომ გარკვეულწილად 60 წელი მისრულდება ახლა, და ქალაქმა რომ დაინახა და ვიღაცამ ჩემმა მეგობრებმა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, გარკვეულწილად კმაყოფილიც ვარ.”

ამირან ხვადაგიანი
ამირან ხვადაგიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი