შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს განცხადებას პასუხობს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საბჭოს გზავნილები მცდარ ინფორმაციასა და დაუსაბუთებელ დასკვნებს შეიცავს, რაც IBSU-ს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
“ნეტგაზეთი” განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს განცხადების ძირითად გზავნილებსა და მათზე შავი ზღვის უნივერსიტეტის პასუხებს წარმოგიდგენთ:
- საბჭო ამბობს, რომ უნივერსიტეტის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან და გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით სამართლებრივი არ არის, რადგან ავტორიზაციის საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებაა. ამისათვის კი IBSU-მ სააპელაციო საჩივარი უნდა წარადგინოს.IBSU აცხადებს, რომ სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვისთვის ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების უნივერსიტეტისთვის ჩაბარებაა, რასაც საბჭო აჭიანურებს, ეს კი უნივერსიტეტს დროული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას ართმევს. საბჭოს დასაბუთების წარსადგენად 10 დღე აქვს, 8 დღე უკვე გავიდა.
- საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა ახალი ნაკადის 1 წლით შეზღუდვის გადაწყვეტილება ექსპერტთა შეფასებას დაეფუძნა და დაწესებულებაში შეფასების შვიდი სტანდარტიდან მხოლოდ ორი იყო დაკმაყოფილებული.IBSU ამბობს, რომ სრულად შესაბამისობა ფიქსირდება 7 სტანდარტიდან არა ორთან, არამედ სამთან, ხოლო მეტწილად შესაბამისობა -ოთხ სტანდარტთან მიმართებით. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ნაწილობრივ შესაბამისად და შეუსაბამოდ უნივერსიტეტი არცერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასებულა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში შვიდივე სტანდარტთან მიმართებით სრულად შესაბამისობა არცერთ უნივერსიტეტში ფიქსირდება.
- საბჭო აცხადებს, რომ საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას საჭირო ინფორმაცია სრულყოფილად არ წარუდგინა.IBSU-ში ამბობენ, რომ ვიზიტის პერიოდში დაწესებულებამ ექსპერტთა ჯგუფს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარუდგინა. მათი განცხადებით, საბჭოს სხდომაზე ექსპერტები ერთხმად გამოხატავდნენ დადებით დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტი ასევე აცხადებს, რომ ექსპერტთა დადებითი დამოკიდებულება საბჭოს სხდომის ვიდეო-აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერითაც დასტუდება, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და მოუწოდებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს, გაასაჯაროოს ის.
- საბჭოს თქმით, ექსპერტთა ანგარიშში კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა ეფუძნებოდა უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ წერილს პოტენციური მყიდველისაგან, რომელიც გამოთქვამს მზაობას, შეისყიდოს უნივერსიტეტი და დაფაროს მისი დავალიანებები. საბჭო IBSU-ს განაცხადს ეყრდნობა და დასძენს, რომ ეს მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო 2-3 კვირის განმავლობაში, ხოლო ერთი თვის მანძილზე უნდა დასრულებულიყო გასხვისების პროცესი. თუმცა მოლაპარაკება მითითებულ ვადებში ვერ დასრულდა, შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი არავალიდური გახდა. საბჭოს განცხადებით, უშუალოდ ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშიდანაც ირკვევა, რომ ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ასახული შესაბამის დოკუმენტებში.IBSU საპასუხო განცხადებით საბჭოს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უნივერსიტეტის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკების სათანადო ვადებში წარუმატებლად დასრულება მთავარ არგუმენტად მიიჩნია. უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ არასწორია, როცა უწყება მხედველობაში იღებს პოტენციური ინვესტორის მომავალში განსახორციელებელ ქმედებებს და ყურადღებას არ აქცევს შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაწესებულებისთვის ყადაღის მოხსნის თაობაზე, რაც ფინანსური პრობლემის მოხსნის ტოლფასია.
- საბჭოს განცხადებით, ინსტიტუტის მიერ საავტორიზაციო დოკუმენტების ფარგლებში წარმოდგენილი ერთადერთი სარჩელიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 5 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა 715 433.01 ლარის დაკისრების თაობაზე არ არის სარჩელის დავის საგნად მითითებული, ასევე, არ არის შეჩერებული ამ საგადასახადო მოთხოვნის შესახებ გამოცემული აქტის მოქმედება.IBSU-ს თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და შესაბამისი სარჩელი წარედგინა ექსპერტებს ვიზიტის დროს როგორც მყარი, ისე ელექტრონული ფორმით.
- საბჭო ამბობს, რომ 2018 წლის 5 თებერვალს უნივერსიტეტზე დაკისრებული თანხის, 715 433.01 ლარის, 30 დღის ვადაში გადაუხდელობის გამო, გათვალისწინებულია ვადაგადაცილების პერიოდის შესაბამისი ჯარიმა/საურავი, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ერიცხება ვალს. IBSU-ს თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტმა ბიუჯეტში შეიტანა 877309,15 ლარი, რითაც დაიფარა საგადასახადო დავალიანება. განცხადების თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობითაც დასტურდება, დავალინების არარსებობის შესახებ.
- საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტს რიგი ფინანსური რისკები გათვალისწინებული არ ჰქონდა არც ბიზნეს-პროცესების უწყვეტობის და არც ფინანსურ გეგმებში, რაც ავტორიზაციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. უწყება ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ფინანსური რისკების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არც გარე აუდიტორიისათვის მიუწოდებია , რადგან ეს საკითხი არ მიუჩნევია არსებით გარემოებად. აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარდგენა არის სტანდარტის მოთხოვნა. საბჭოს განცხადებით, სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ ბიზნეს-პროცესების უწყვეტობის გეგმას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და ინსტიტუტს ფინანსური პრობლემების გასაჯაროება არ სურდა. IBSU ამბობს, რომ საბჭოს ორივე მტკიცება სიცრუეა. უნივერსიტეტის განცხადებით, მას ვებგვერდზე ფინანსური დოკუმენტაცია სრულად აქვს გასაჯაროებული, რექტორს კი არ უთქვამს, რომ ბიზნეს-უწყვეტობის დოკუმენტი მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. IBSU მოუწოდებს საბჭოს, შეხვედრის ვიდეო და აუდიოჩანაწერი გაასაჯაროოს.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით 20 აგვისტოს შეუზღუდა. მიზეზად ცენტრი ასახელებდა სახელმწიფოსადმი IBSU-ს დავალიანების – 700 000 ლარის – გადაუხდელობას. უნივერსიტეტში გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ვალთან დაკავშირებით სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა 26 აგვისტოს, IBSU-მ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად თანხა მაინც გადაიხადა.
IBSU-ს მიერ სადავო ჯარიმის გადახდას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მიესალმა, თუმცა განაცხადა, რომ პირველკურსელთა ნაკადის მიღების შეზღუდვის შესახებ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ხელაღებით ვერ გაუქმდება და უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს. აღნიშნულის პასუხად შავი ზღვის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ აპელაციას სჭირდება ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების დასაბუთების დოკუმენტი, რომელიც IBSU-სთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.