ახალი ამბები

ქუთაისის საჯარო სკოლაში აფეთქების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

14 მარტი, 2014 • • 1399
ქუთაისის საჯარო სკოლაში აფეთქების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

ქალაქის რესურს-ცენტრის თავმჯდომარე ბადრი ვაშაკიძე აცხადებს, რომ საქვაბე მოწყობილების აფეთქებას ნგრევა არ გამოუწვევია და არც ვინმე დაშავებულა. რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზს, მისი თქმით, ამის დასადგენად თბილისიდან ექსპერტი უნდა ჩამოვიდეს:

 

„გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება აფეთქების გამომწვევი მიზეზები, ექსპერტი უნდა ჩამოვიდეს თბილისიდან, ქუთაისში არ გვყავს ამის სპეციალისტი. ვიზუალური დათვალიერების შედეგად რაც ვიცით, ის არის, რომ აფეთქებულია საქვაბე მოწყობილობა, ოთახს კარი აქვს მოგლეჯილი, სხვა დაზიანება შენობას არ აქვს და არც ადამიანები დაშავებულან.“

 

„სოკარ ჯორჯიას“ იმერეთის  სამსახურის წარმომადგენელი ალეკო გაბრიჩიძე ამბობს, რომ აფეთქების მიზეზები არც მათთვისაა ცნობილი:

 

„სავარაუდოდ, არის ქვაბის გაუმართაობა. გაზი არ დაგროვებულა, გასანიავებელი სარკმლები ღიაა. ქვაბის გაუმართაობის გამო წარმოქმნილი ხანძარია და შემდეგ გაზმა, ცხადია, ხელი შეუწყო. საჭიროა ქვაბის სპეციალისტების მოყვანა, რათა გაირკვეს რა ხდება. მიზეზი გაზიდან არ მოდის, გადახურება მოხდა ალბათ.”

 

სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ის, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება.



მასალების გადაბეჭდვის წესი