ახალი ამბები

საია საარჩევნო კომისიების მონიტორინგზე იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

29 აგვისტო, 2018 • 2144
საია საარჩევნო კომისიების მონიტორინგზე იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან  დაკავშირებით მის მიერ მომზადებული ანგარიშის მიმართ თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს. ორგანიზაციის თქმით, პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევების შესწავლის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრი შეეცადა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სანდო ორგანიზაციის დისკრედიტაციას.

“იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს დეტალურად შეესწავლა და გადაემოწმებინა არსებული ხარვეზები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე, ასევე, ინფორმაცია გადაემოწმებინა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მან ზედაპირული, წინასწარ განწყობებით არსებული შეხედულებებით იხელმძღვანელა. კომისიის სხდომა ანგარიშსწორების არეალად აქცია, შეეცადა სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაცია მოეხდინა და საიას  საქმიანობა დესტრუქციულად წარმოეჩინა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ცოტა ხნით ადრე საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვდა, თეა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრად დასახელებული არ ყოფილიყო”, – აღნიშნავს საია.’

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგი გლობალური პრინციპების დაცვისა და ქცევის კოდექსის შესაბამისად შეიმუშავა და ის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსთან სრულ ჰარმონიზაციაშია.

“აქედან გამომდინარე, მინისტრის მხრიდან არასერიოზულობაზე აპელირება სწორედ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და პროფესიული, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის დაკნინების მცდელობას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა 24 აგვისტოს ჩატარდა. კომისიის თავმჯდომარემ და იუსიტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საიას მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოვლენილ შესაძლო ნეპოტიზმის შემთხვევებსაც მოიცავდა. მისი თქმით, ადგილი აქვს ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას და საიას მოუწოდა, ამ პროცესში მონაწილეობისგან “უტყუარი მტკიცებულებების გარეშე” თავი შეიკავოს.

“კომისიის თავმჯდომარემ[თეა წულუკიანმა] საარჩევნო პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. თავმჯდომარემ ითხოვა, საიას წარმოედგინა მეთოდი, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები, ვინაიდან მეთოდის შესახებ მოცემულ დოკუმენტში საუბარი არ არის, რის გარეშეც წარმოუდგენელია არსებობდეს სერიოზული კვლევის დოკუმენტი. გადაწყდა, რომ საია უწყებათაშორის კომისიას უმოკლეს ვადაში წარუდგენს მეთოდს, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები და დამუშავდა პირთა პერსონალური მონაცემები.

ცესკოს წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საარჩევნო საოლქო კომისიებში პირთა შერჩევა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, რაზეც ის ფაქტიც მოწმობს, რომ შერჩევის აქტი არ გასაჩივრებულა არც პოლიტიკური პარტიების, არც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი