ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გასაგებად ჩატარებული კვლევის შედეგები 14 მარტს გაასაჯაროეს. კამპანიის “ეს შენ გეხება”ფარგლებში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ, რომელიც კვლევის ინიციატორია, IDFI-მ და სხვებმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს და არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, ამ გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურვილი არა აქვს ტელეფონით გაუზიროს მეგობრებს როგორც რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია, ასევე, აზრი პოლიტიკური მოვლენების შესახებ.
კერძოდ, გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ ტელეფონით მეგობარს საიდუმლოს არ გაუმხელს, ხოლო 69% აცხადებს, რომ ტელეფონით სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კრიტიკულ აზრს არ გამოხატავს.
გამოკითხულთა მხოლოდ 28 % არ არის წინააღმდეგი, რომ მეგობარს ტელეფონით გაანდოს თავისი საიდუმლო, ხოლო რესპოდენტთა დაახლოებით 20% ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ საკუთარი კრიტიკული პოლიტიკური შეხედულების შესახებ ტელეფონით ისაუბროს.
გიგაურის განმარტებით, გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტბით ჩატარდა 2013 წლის 3-26 ოქტომბერს. სულ 1918 ადამიანი გამოიკითხა, კვლევა კი ჩაატარა CRRC -მ.
გამოკიითხვის შედეგები მოწმობს, რომ რესპოდენტებს განსხვავებული პოზიციები აქვთ იმაზე, თუ რა კატეგორიის ადამიანებს უსმენს სახელმწიფო.
23 % თვლის, რომ სახელმწიფო მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს უსმენს, 13 %-ის აზრით- ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს, 11 %-ის აზრით- ძრითადად პოლიტიკოსების საუბარი ისმინება, 9 % მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქები, 5% ის აზრით კი, ჟურნალისტები.
გამოკითხულთა მხოლოდ 9 % თვლის, რომ სახელმწიფდოს მიერ უკანონო ფარული მოსმენები არ ხორციელდება. 23 % კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ფარულად ყველა მოქალაქეს უსმენს.
“მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის მიუხედავად, რომ უკვე წელიწადნახევარია მმართველო კოალიცია საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი მობილური ტელეფონები არ ისმინება და ისინი არიან უკეთესები, ვიდრე წინა ხელისუფლება და სწორედ ამიტომ მოსახლეობა მათ უნდა ენდოს, როგორც ჩანს, მოსახლეობა მათ არ ენდობა. მოსახლეობის უმრავლესობა მაინც თვლის, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ნაბიჯები აჩვენოს ხელისუფლებამ საზოგადოებას, რისი საბოლოო შედეგიც იქნება ის, რომ შეიცვლება სისტემა და ჩვენ ყველანი ვენდობით სისტემას და არა კონკრეტულ ადამიანებს”,- აცხადებს გიგაური.