ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საკოლექციო მონეტა მიუძღვნა

ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წასდგება საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა “ქართული წიგნი” მიუძღვნა

მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.

კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები – Romae MDCXXIX (რომში, 1629) და ႲႴႨႪႨႱႨ  ႹႶႧ (ტფილისი, 1709) რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (პირველი ქართულად ნაბეჭდი წიგნი რომში გამოიცა). მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: “საქართველო 2018 Georgia”.

“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა. აღნიშნულის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.) და 2018 წელს ეს პატივი ჩვენს ქვეყანას – საქართველოს მიენიჭება. საქართველოს ეროვნული ბანკი, ეხმიანება ამ მართლაც ეროვნულ ღონისძიებას – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი პროექტი, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის ახალი მონეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან და საამაყო მოვლენას მივუძღვენით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, 29 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com