ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, ახალი გერმანულენოვანი თარგმანები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება

1 ოქტომბერი, 2021 • 762
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, ახალი გერმანულენოვანი თარგმანები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება

20-24 ოქტომბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება.

„მსოფლიო პანდემიამ საგამომცემლო სექტორზე დიდი გავლენა მოახდინა, რაზეც ისიც მოწმობს, რომ შარშან, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სტენდი წლევანდელ ბაზრობაზე არ იქნება წარმოდგენილი, ქართველ ავტორებსა და ახალ თარგმანებს მსოფლიო მკითხველი მაინც გაეცნობა, რასაც დიდ მხარდაჭერას გავუწევთ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. 

„ქართველი ავტორების მიმართ ინტერესი არ ნელდება. გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარელი გამომცემლები, კვლავ გამოსცემენ ქართული ლიტერატურის თარგმანებს. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით ჩვენს პარტნიორებთან და მკითხველებთან შესახვედრად“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური. 

გერმანიაში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, საქართველო ბაზრობაზე ტრადიციული სტენდით არ იქნება წარმოდგენილი, ამიტომ მხოლოდ ავტორთა და მათი ახალი თარგმანების გაცნობით შემოვიფარგლებით. 

  • 21 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალ Bookfest City-ს ფარგლებში, აკა მორჩილაძე, გერმანულენოვან მკითხველს, თავისი წიგნის, „ძველი გულებისა და ხმლისას“ ახალ თარგმანს წარუდგენს. ღონისძიების მოდერატორი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი, ტილმან შპრეკელსენი იქნება.
  • 22 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წლევანდელი საპატიო სტუმარი ქვეყნის, კანადის პავილიონში, აკა მორჩილაძისა და კანადელი ავტორის, პოლ სისკვესისის შეხვედრა გაიმართება თემაზე, „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“. 
  • 23 ოქტომბერს, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი LiteraturBahnhof-ი, ფრანკფურტის წიგნის სახლში, ლაშა ბაქრაძეს უმასპინძლებს, რომელიც გერმანელ მკითხველს ქართველი მწერლების უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარუდგენს.
  • 5 ოქტომბრიდან, ლიტერატურულ ტურის ფარგლებში, აკა მორჩილაძე შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში. ტური ციურიხის ლიტერატურის სახლში,  ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალის, „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ ღონისძიებით დაიწყება და მიუნხენის ლიტერატურის სახლსა და ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მკითხველთან შეხვედრებით  გაგრძელდება. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი