ახალი ამბები

ესტონეთში საბჭოთა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

29 აგვისტო, 2018 • 1659
ესტონეთში საბჭოთა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში საბჭოთა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ორგანიზატორების განცხადებით, მემორიალი ეძღვნება ესტონეთის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ტერორი საკუთარ თავზე იწვნიეს. მემორიალის შესახებ Estonian World წერს.

მემორიალზე იმ 22 ათასი ადამიანის სახელია ამოტვიფრული, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს დახოცეს (შიმშილით, წამებით და ა.შ.), გადაასახლეს. ცალკე მემორიალური კედელია გამოყოფილი ესტონეთის სამხედრო პირებისთვის, რომლებიც საბჭოთა კომუნიზმის მსხვერპლნი გახდნენ.

როგორც გამოცემა წერს, მემორიალს ორი ნაწილი აქვს, ერთს “მოგზაურობა” ჰქვია, ხოლო მეორეს- “სახლის ბაღი”. “მოგზაურობის” ნაწილი კორიდორს წარმოადგენს, რომლის კედელზე მსხვერპლთა სახელებია ამოტვიფრული. აღნიშნული კორიდორი ავტორიტარული რეჟიმების მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოა.

მეორე ნაწილი კი ვაშლების პარკისგან და მემორიალის კედლებზე ამოტვიფრული ფუტკრებისგან შედგება. როგორც მემორიალის შემქმნელები განმარტავენ, მემორიალის ეს ნაწილი შინ ყოფნის, სიმშვიდის სიმბოლოა და იმ ხალხს ეძღვნება, ვინც საბჭოთა რეჟიმმა გადაასახლა და თავიანთი “სახლების ბაღები” ვეღარასდროს ნახეს.

საბჭოთა კავშირის ავტორიტარული რეჟიმის გამო ესტონეთმა თავისი მაშინდელი მოსახლეობის ყოველი მეხუთე ადამიანი დაკარგა.

გარეკანი ფოტო: Estonian World 

მასალების გადაბეჭდვის წესი