ახალი ამბები

10 პარტია ცესკოს მიმართავს

28 აგვისტო, 2018 • 1610
10 პარტია ცესკოს მიმართავს

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ოპოზიციური პარტიები ცესკოს რეკომენდაციებით მიმართავენ. ხელმომწერთა განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაs თანმიმდევრული მუშაობა მართებს, მათ შორის, შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით.

პარტიების განცხადებით, პროცესში მნიშვნელოვანია, პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრების წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე გაიზარდოს. მანამდე კი, სანდოობის მაღალი ხარისხისათვის, ხელმომწერები ცესკოს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ:

“1.საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონალური სატელევიზიო საშუალებების, ბეჭდვითი და ინტერნეტ-სივრცის გამოყენებით;

2.გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს კონკრეტული და მკაფიო შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც განუხრელად იქნება დაცული საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში;

3.უზრუნველყოს შერჩევის პროცესისას ზეპირი გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა საოლქო კომისიების წევრების მიერ და შესაძლებელი გახადოს აღნიშნული გასაუბრების საჯარო ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის მეშვეობით;

4.მოახდინოს ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის საშუალებით”.

განცხადებას ხელს 10 პარტია აწერს. მათ შორის არიან: “ახალი საქართველო” , “ევროპელი დემოკრატები”, “ევროპული საქართველო”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)”, “თავისუფალი დემოკრატები”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “რესპუბლიკური პარტია”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ლეიბორისტული პარტია”.

განახლება: პარტიების განცხადებას ცესკო გამოეხმაურა. როგორც უწყების სპიკერმა, ანა მიქელაძემ აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეკომენდაციებს უკვე გაეცნნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი