ახალი ამბები

“იარე ფეხით” საფეხმავლო ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების გაუქმებას ითხოვს

27 აგვისტო, 2018 • 3572
“იარე ფეხით” საფეხმავლო ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების გაუქმებას ითხოვს

მოძრაობა “იარე ფეხით” მერიას მოუწოდებს, გადახედოს თბილისის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში რკინის საფეხმავლო ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების არსებობის საკითხს. როგორც წერილშია ნათქვამი, ხიდები ნებისმიერი ფორმით ზედმეტია ქალაქის იერსახისთვის და მისი მცხოვრებლებისთვის.

“იარე ფეხით” მოითხოვს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ შეასრულოს მის მიერვე გაცხადებული პირობა ქალაქში ავტომობილის გამოყენების შემცირების შესახებ და სრულად ჩაანაცვლოს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში არსებული საფეხმავლო ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები ზებრებითა და შუქნიშნით რეგულირებული გადასასვლელებით.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქალაქის მერიის მიერ თბილისის სატრანსპორტო განვითარების ხედვაში, მიუხედავად ცნობების სიმცირისა, მაინც ხაზგასმულია ფეხით მოსიარულეთა უფლებების შესახებ, რაც პოზიტიური ნოტაა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ხედვაში ხაზგასმულია საავტომობილი ტრანსპორტის შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების წახალისების გეგმა.

თუმცა, მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, როგორც ჩანს, ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ სრულად ვერ იაზრებს პრობლემის არსს და ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში რკინის საფეხმავლო ხიდები ნებისმიერი ფორმით ზედმეტია.

მოსაზრების დასადასტურებლად “იარე ფეხით” რამდენიმე მიზეზს განმარტავს, კერძოდ:

  • ხიდების ძირითადი ფუნქცია არა ქვეითთა გზაზე უსაფრთხოდ გადაყვანა, არამედ მანქანების ნაკადის დაუბრკოლებლად გატარებაა და, შესაბამისად, ცალსახად, კერძო ავტომობილზე მორგებული ინფრასტრუქტურის ნაწილია, რაც არათუ შეზღუდავს მანქანის გამოყენებას, არამედ, პირიქით, უფრო წაახალისებს მას;
  • ეს ხიდები არა მხოლოდ ესთეტიკურად მახინჯი, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა, რადგან უხარისხოდაა გაკეთებული და დიდია ალბათობა, ადამიანს წვიმიან ამინდში კიბეზე ფეხი დაუცურდეს და სიმაღლიდან ჩამოვარდეს. ამასთანავე, სრულიად იგნორირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საბავშვო ეტლიანი მშობლებისა თუ ხანშიშესული მოსახლეობის საჭიროება;
  • ფინანსურად გაუმართლებელია ახალი არქიტექტურული პროექტების დამუშავებაზე და ტექნიკურად უფრო დახვეწილი, თუნდაც ადაპტირებული საფეხმავლო ხიდების მშენებლობასა და შემდგომ მათ მოვლა -ატრონობაში ბიუჯეტის ფულის ხარჯვა იმის ფონზე, რომ ქუჩის დონის გადასასვლელის მოწყობა ერთი შეხედვითაც უფრო იაფი დაუჯდება ქალაქს და ფეხით სასიარულოდაც მიმზიდველ გარემოს შექმნის;
  • უკვე არსებობს იმის გამოცდილება, თუ როგორ გადაიყარა ასიათასობით ლარი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში ლიფტის დამონტაჟებაზე, რომელიც მალევე გამოვიდა მწყობრიდან და ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც მათზე ბიუჯეტის ფული დაიხარჯა (მაგ., ვაკის პარკი, გადასასვლელი ოპერასთან); ამ პრობლემის მოგვარება კი მარტივად იქნებოდა შესაძლებელი შუქნიშნით რეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელით;
  • საქართველოს მთვარობის მიერ რამდენჯერმე ღიად გაცხადებულ იქნა ტურიზმი, როგორც განვითარების პრიორიტეტული მიმართულება. როგორც წესი, დედაქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ქალაქის დათვალიერებას ფეხით გადაადგილებით არჩევს, ხოლო სრულიად ავტომობილზე მორგებული ქალაქგეგმარება მათ გამოცდილებას საკმაოდ არასასიამოვნოს ხდის. ამასთან, არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ზოგადად ფეხით მოსიარულე პირები ახდენენ ქუჩის დონეზე განლაგებული მცირე ბიზნესების წახალისებას და ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
  • თუკი ქალაქის ხელმძღვანელობა აირჩევს ახალი საფეხმავლო ხიდების მშენებლობას, ის წინააღმდეგობაში მოვა საკუთარ თავთან და იმ განცხადებასთან, რომლის მიხედვით, კერძო ავტომობილების გამოყენების შემცირებას ისახავს მიზნად, რადგან ეს გზა, სწორედ რომ ამის საპირისპირო შედეგს გამოიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი