როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, დღემდე სამართალდამცავ ორგანოებს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია შეუზღუდავად შეუძლიათ მიიღონ. ამის გამო მათ “ეს შენ გეხებას” კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყეს, სლოგანით – “ისევ გვისმენენ”. არასამთავრობოების განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რასაც პარლამენტი აჭიანურებს.
“ახალი ხელისუფლების პირობებში განადგურდა გარკვეული ვიდეომასალა, დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, ეს გვაძლევდა საფუძველს იმისა, გვეფიქრა, რომ აპირებდა ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ვხედავთ, რომ კანონის განხილვის პროცესი ჭიანურდება”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში არსებული პრაქტიკა გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პირობებში თავს კომფორტულად გრძნობს:
“ისევ არსებობს ე.წ. შავი ყუთები, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცავ ორგანოებს ხელი მიუწვდებათ პირდაპირ, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე ჩვენს პირად მიმოწერაზე და დაახლოებით 21 000 აბონენტის მოსმენა შეუძლიათ ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი შანსია ხელისუფლებამ იგივე მეთოდები გამოიყენოს თვალთვალისა და მიყურადების კუთხით, რასაც წინა ხელისუფლება იყენებდა და ჩვენ არ გვინდა ეს დავუშვათ”, – ამბობს ნინო ლომჯარია.
“ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად სისტემა ცოცხალია და, ფაქტობრივად, ერთი თითის დაჭერაა საჭირო, რომ მივიღოთ ისევ ის მარაზმი, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გახდეს ღრმა სისტემური ცვლილებების ერთ–ერთი დასაწყისი”, – აცხადებს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, კანონპროექტის ერთ–ერთი ინიციატორია, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში შევიდა.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებას უარყოფს:
“ინიცირება მომხდარია მართლაც კარგა ხანია საქართველოს პარლამენტში, მაგრამ გაჭიანურებას ადგილი არ აქვს. ჩვენ ეს კანონპროექტები ინიცირებული დასკვნისათვის წარვუდგინეთ ევროპის საბჭოს, მივმართეთ ექსპერტებს, მათ შორის გერმანელმა ექსპერტებმა გამოიჩინეს ინტერესი და დღე–დღეზე ველოდებით დასკვნებს მათგან. ყველაფერი ამის შეჯამების შემდეგ, ალბათ, უკვე უახლოეს ხანებში ჩვენ დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას. ამის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში, მოუმზადებლად, ყველა საკითხზე სათანადო ინფორმაციის მიღების გარეშე ნამდვილად არ გვინდოდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ.
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მიყურადება დღეს მხოლოდ სასამართლოს კონტროლით ხორციელდება და უკანონო მოსმენა ახალი ხელისუფლების პირობებში არ დაფიქსირებულა:
“თუ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ერთი კონკრეტული ფაქტი დასახელდება უკანონო მოსმენის, მიყურადების მე პირადად დავინტერესდებოდი და ასეთ ფაქტზე მსჯელობას გავმართავდით და რეაგირებასაც მოვახდენდით, მაგრამ ზოგადი თქმა, რომ უკანონო მოსმენები ხდება, ასე ჩვენ წინ ვერ წავალთ, უნდა ვიცოდეთ რა კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი. საკანონმდებლო რეგულაციას რაც შეეხება, კანონით აკრძალულია და არ შეიძლება უკანონო თვალთვალის და მიყურადების განხორციელება და პირად ცხოვრებაში ჩარევა, ეს ხდება მხოლოდ სასამართლო კონტროლით, თუ კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია გვინდა და კიდევ უფრო დაცვა ამ სფეროს, მე პირადად მოსურნე ვიქნებოდი, რომ კიდევ უფრო დავიცვათ, რადგან ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ეკა ბესელია.
დღეს ფარული მიყურადების საკითხს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მიუერთდნენ კავშირგაბმულობის ქსელებსა და სისტემას მობილური ოპერატორების ნებართვის გარეშე:
“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი “თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უფლება აქვთ, მიუერთდნენ კავშირგაბმულობის საშუალებებს და კომპიუტერულ ქსელებს იმისათვის, რომ მოხსნან და მოახდინონ ინფორმაციის ფიქსაცია. ეს კანონი არ ითვალისწინებს ამ პროცესში კავშირგაბმულობის კომპანიის მონაწილეობის შესაძლებლობას”, – აცხადებს გიორგი გოცირიძე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კანონით სატელეფონო მოსმენას სასამართლოს ნებართვა ჭირდება, შსს არ არის ვალდებული აღნიშნული ნებართვა მობილურ კომპანიებს წარუდგინოს. ასევე, კანონმდებლობა სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს ჯერ განახორციელონ მოსმენა და შემდეგ მიმართოს სასამართლოს მოსმენის დასაკანონებლად.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, მიუმართავთ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს მობილური ოპერატორებისთვის, რათა მათ დაუშვან კონკრეტული ნომრის მოსმენაზე წვდომა. ასევე, შესაძლებელია თუ არა სამართალდამცავებს ჰქონდეთ ქსელებზე წვდომა ისე, რომ თავად ოპერატორებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ამ შეკითხვებით “ნეტგაზეთი” კომპანიებს “მაგთის”, “ჯეოსელს” და “ბილაინს” დაუკავშირდა:
“ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მაგთიკომის მხრიდან მოსმენა არ ხორციელდება. მაგთიკომს მოსმენის ტექნიკური საშუალებები თავად დაყენებული არ აქვს და არც წარსულში ჰქონია, თუმცა ტექნოლოგიური მიღწევები რის საშუალებას აძლევს თქვენ მიერ დასახელებული ორგანოებს და რა ფორმით იყენებენ მას, ამისთვის მიმართეთ შესაბამის ორგანოებს”, – განაცხადეს კომპანია “მაგთიში”.
“ჯეოსელი” და “ბილაინი” კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა ორივე ოპერატორმა 2013 წელს გაკეთებულ განცხადებებში განაცხადა, რომ შსს–ს მათი აბონენტების მოსმენა შეუძლია.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა შსს–მ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.
როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოვა:
“ყველა ტიპის დანაშაულზე არ უნდა ხდებოდეს მოსმენა, ევროპული სტანდარტი არის ის, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე გაიცემოდეს ნებართვა. ასევე, დღეს შეიძლება სასამართლომ თავისი ინიციატივით არ ჩაწეროს ვადა, რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს მოსმენა, ან ჩაწეროს, მაგრამ იმ ვადის გასვლის შემდეგ მაინც გაგრძელდეს მოსმენები. აუცილებელია ადამიანის ინფორმირება მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ დადგინდება, რომ პირი რაიმე დანაშაულს ჩადიოდა, თუ მას უსმენდა ვინმე, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ასევე, ნათლად უნდა განისაზღვროს, როცა მთავრდება გამოძიება, რა პერიოდში ხდება ამ ტიპის მასალის განადგურება. ამ ყველაფერს ჭირდება რეგლამენტაცია და ეს დღევანდელ კანონში არ არის”, – ამბობს კოჟორიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მზად არიან შეხვედრები გამართონ ხელისუფლებასთან, პარალელურად კი მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებენ.
არასამთავრობოებთან დიალოგის გამართვაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა შინაგან საქმეთა მინსიტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მინისტრის ინიციატივას არასამთავრობოები დადებითად აფასებენ:
“მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის.