ახალი ამბები

მოწამეთაში კოშკის ჭერი მღვდლებმა თაბაშირით უნებართვოდ შელესეს

24 აგვისტო, 2018 • 2758
მოწამეთაში კოშკის ჭერი მღვდლებმა თაბაშირით უნებართვოდ შელესეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მოწამეთას მონასტრის ერთ-ერთი კოშკის ჭერი ადგილობრივმა მღვდლებმა თაბაშირით შელესეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ეს სამუშაოები სააგენტოს ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა და მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, სამუშაოები შეჩერებულია.

სააგენტოს განმარტებით, საბჭოთა პერიოდში კოშკის ჭერი ცემენტით იყო შელესილი, რომელმაც დროთა განმავლობაში ცვენა დაიწყო. ამის საპასუხოდ მღვდლებმა ჭერი თაბაშირით შელესეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შელესილის მოხატვაც სურდათ.

მოხსნიან თუ არა შელესილს, ან როგორ განაახლებენ მონასტრის კოშკის ჭერს, ორშაბათს, 27 აგვისტოს გაირკვევა, როდესაც მონიტორები ადგილზე ჩავლენ და მდგომარეობას გაეცნობიან. სააგენტოდან გვაცნობეს, რომ ამ ნალესობით ძეგლს ზიანი არ მიდგომია.

ინფორმაცია ძეგლის თვითნებური შელესვის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი