ახალი ამბებიკომენტარი

სულხან სალაძე IBSU-სთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვაზე

21 აგვისტო, 2018 • 7335
სულხან სალაძე IBSU-სთვის  სტუდენტების მიღების შეზღუდვაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციას შეუძლია IBSU-ს წარმომადგენლებს შეხვდეს, რათა უნივერსიტეტისგან საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაცია მიიღოს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განუცხადა.

გუშინ 20 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის უნივერსიტეტს 1 წლით უზღუდავს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღებას. როგროც სულხან სალაძე განმარტავს, ჯერჯერობით ნაადრევია მათი მხრიდან სიღრმისეული შეფასება, თუმცა მეტი ინფორმაციის მისაღებად საია მზადაა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდეს.

“შინაარსობრივად შეფასებაში შესვლა რთულია იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც საქმის წარმოების მასალები და არც დოკუმენტები, დასაბუთება, თუ  რატომ გამოიყენა საბჭომ აღნიშნული ღონისძიება. ამაზე ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს,  რაც მედიით გავრცელდა და ამიტომ აქ სიღრმისეულ შეფასებაზე საუბარი რთული იქნება და, ვფიქრობ, არც არის სწორი ახლა ამაზე საუბარი.

ჩვენ ვნახეთ განცხადება, მათ შორის მოწოდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ცხადია, არც შეხვედრის, არც მეტი ინფორმაციის მიღების. თუმცა ასე ინდივიდუალურად ჩვენთან მიმართებაში მე არ მინახავს განცხადება, მას უფრო ზოგადი ხასიათი ჰქონდა. ამის მიუხედავად, შეხვედრის პრობლემას ვერ ვხედავ, ეს ნამდვილად შეგვიძლია,” – განაცხადა სულხან სალაძემ.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ასევე, უნივერსიტეტის ქონებასა და წილებს ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში მზადაა გადაიხადოს აღნიშნული თანხა.

როგორც სალაძე განმარტავს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშნველოვანია:

“თუ რა დასაბუთებაა და რატომ გამოიყენეს ეს ღონისძიება. გარდა ამისა, ეს თანხა, რაც გახდა ამ ღონისძიების გამოყენების საფუძველი, პროპორციულად შეესაბამება თუ არა და შეუქმნის თუ არა საფრთხეს უნივერსიტეტის ფუნქციონირებას.

კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი, რაც ამ საქმეში არის და ასევე ვფიქრობ, რომ საყურადღებო შეიძლება იყოს, არის ის, რომ თუ ამ ღონისძიების გამოყენება არ იქნება დასაბუთებული და ზუსტად, ზედმიწევნით ახსნილი, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს სხვა უნივერსიტეტებისთვის,” – ამბობს სულხან სალაძე და დასძენს, რომ საქმის უკეთესი შეფასებისთვის აუცილებელია ორგანიზაციამ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იცოდეს.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ადასტურებენ სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჯარიმის საკითხზე ამ ეტაპზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს.

უნივერსიტეტი თავის განცხადებაში მიმართავს არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭურონ IBSU-ს ამ ბრძოლაში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, “რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან.

ამავე თემაზე გირჩევთ

IBSU-ს განცხადებას ვერ დავეთანხმები – თამარ სანიკიძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი