ახალი ამბებისამართალი

ბაღდათში ჩვენს თანამშრომლებს სცემეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

21 აგვისტო, 2018 • 2490
ბაღდათში ჩვენს თანამშრომლებს სცემეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენის შემდეგ.

დეპარტამენტის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეებს 4 ერთეული თხმელას სახეობის მორი უკანონოდ გადაჰქონდათ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის საფუძველზე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ავტომობილს დაედევნენ.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათ თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა: “მან ერთ-ერთ თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.”

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს პოლიციამ მოქალაქე დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გაგზავნილია შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი