ახალი ამბები

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

4 მარტი, 2014 • • 949
პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის. შესაბამისი წინადადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საკითხის დღის წესრიგში შეტანას.

 

„კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი შესაბამისი პასუხით შეხვედროდა ჩვენს ინიციატივას, საგანგებო სხდომა დაეინიშნა, რათა ამ რეჟიმში მიგვეღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ამავდროულად, მინდა გამოვხატო კმაყოფილების გრძნობა, რომ კოლეგებმა უმრავლესობიდან ადეკვატურად გაზარდეს შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური მნიშვნელობა და ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში შევიტანეთ ეს საკითხი. რეზოლუციასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და კონსესუსის საფუძველზე ჩვენ მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომლითაც კიდევ ერთხელ მხარს დავუჭერთ უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას და დავგმობთ ოკუპანტის ქმედებებს,“- ამბობს გია თევდორაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუცია საპარლამენტო ძალების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება, რადგან პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არსებობს:


„ხელისუფლება სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ კიდევ ერთი რეზოლუციით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. უმრავლესობის პოზიციაა, რომ სწორედ ხვალ მიგვეღო ეს რეზოლუცია.“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაში დაგმობილია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია.


რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას; გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის წარმოებულ სამხედრო პოლიტიკურ აგრესიას, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას და მისი რეგიონის ოკუპაციას.

 

ამავე ტექსტის მიხედვით, პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია და აწარმოოს აქტიური დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყონებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება; მოუწოდებს ევროპის კავშირს და ნატოს წევრ ქვეყნებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.  

მასალების გადაბეჭდვის წესი