ახალი ამბები

საქართველო – მოწინავე ადგილზე ბავშვთა სიღარიბით

4 მარტი, 2014 • • 1900
საქართველო – მოწინავე ადგილზე ბავშვთა სიღარიბით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 27%-ია, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ეს და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა მონაცემები დღეს, 4 მარტს გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისა და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად გამართული შეხვედრის დროს წარმოადგინა.


“ამ კვლევას ვატარებთ 2009 წლიდან, რომ დავინახოთ, როგორ იცვლება სიღარიბის მაჩვენებლები [შემოსავლები, ხარჯები, ბარიერები], ჯანდაცვასთან, განათლებასთან, ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, და ა.შ.  ეს არის კვლევა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის რეპრეზენტატული, შევდივართ ერთსა და იმავე ოჯახებში, შინამეურნეობებში. ახალი ოჯახების დამატება არ ხდება,”- ამბობს თინათინ ბაუმი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი. 

 

მისივე თქმით, წლევანდელ კვლევაში მონაწილება დაახლოებით 4000-მა ოჯახმა მიიღო [2009 – 5000-მდე ოჯახი; 2011 – 4200-მდე].

 

რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არის გაზრდილი ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით, Unicef-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს კავშირში იყოს სპეციალურ შეღავათებთან, რომელიც სხვა სოციალური ჯგუფებისკენ იყო მიმართული და არა ბავშვების.

 

“არსებობს ვარაუდი, რატომაც არის გაზრდილი მაჩვენებელი. კონკრეტულად სოციალური დახმარება, რომელიც მიმართული იქნებოდა სწორედ ბავშვებზე, არ არსებობს. ერთ-ერთი რეკომენდაციაც ეგაა, რომ უნდა გადაიხედოს სოციალური დახმარების სისტემა და სპეციალური შეღავათები კონკრეტულად ბავშვებისთვის არსებობდეს,”- აცხადებს ბაუმი.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევებით, სწორედ ორი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც სიღარიბის რისკების აღსაკვეთად გამოიყენება, არის პენსია და მიზნობრივი სოციალური დახმარება. 

 

“მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის უზრუნველყო ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, გააორმაგა სოცილური შეღავათები და გაზარდა პენსიები, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ბავშვია სოციალურად დაუცველი. ესენია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, შშმპ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და რთულად მისაწვდომ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიობებში მცხოვრები ბავშვები,” – განაცხადა შეხვედრის დროს მარი პიერ პუარიემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა.

 

დღვანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ასევე, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მადლობა გადაუხადა UNICEF–ს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, ეფექტური პოლიტიკის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ქვაკუთხედს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების მეტი ხარისხი. მისივე თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც ბავშვთა სიღარიბის საკითხებსა და უფლებებს შეეხება, დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. 

“კრიზის-ცენტრების დაარსება მოიაზრება ხელისუფლების მიერ, როგორც კრიტიკული მნიშვნელობის აუცილებლობა, რათა გადაიჭრას მიუსაფარი, ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემა. ამ კრიზის-ცენტრების საქმიანობა ორიენტირებულია რეაბილიტაციასა და საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შექმნაზე, ბავშვთა ინტერესების შესაბამისად. ეს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ მიუსაფარ ბავშვებს სარეაბილიტაციო მომსახურებითა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციით,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გამოწვევებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. 


“ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომლის მიხედვითაც იუნისეფი [ამ საკითხებში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია] მჭიდროდ დაგვიდგა გვერდში. ლაიტმოტივი არის, გავუსწოროთ სიმართლეს თვალი, ვნახოთ, რა რეალურ პრობლემებთან და გამოწვევებთან გვაქვს საქმე და ვიმუშაოთ ინტენსიურად მათ აღმოსაფხვრელად,”- განაცხადა დავით სერგეენკომ დღევანდელ შეხვედრაზე. 

 

უინისეფის 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 77 ათასი ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 205 ათასი ბავშვი – 3 ლარზე ნაკლებს. 

 

ორგანიზაციას 2012 წელს შემუშავებული ჰქონდა, ასევე, რეკომენდაციები, რომელიც ბავშვთა სიღარიბეს შეამცირებდა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაციით, იუნისეფის გამოთვლების შედეგების თანახმად, თუ მთავრობა მიზნობრივ სოციალურ ფულად დახმარებას 50 პროცენტით გაზრდიდა, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 6,6 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 21%-მდე შემცირდებოდა. ასევე, თუ მთავრობა მიზნობრივ სოციალურ ფულად დახმარებას 100%-ით გაზრდიდა, უკიდურესი სიღარიბე 9,4- დან 6 %-მდე, ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე კი 25-დან 18%-მდე შემცირდებოდა.  

 

ნეიროფსიქოლოგიასა და ბავშვთა განვითარების სფეროში გლობალურად ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვთა ადრეული ასაკი, ჩასახვიდან დაწყებული, წარმოადგენს საფუძველს მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და პროდუქტიულობისათვის.

 

“ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლესა და განვითარებაში ინვესტირება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ერის ადამიანური კაპიტალის გაზრდის, სიღარიბის შემცირებისა და უთანასწორობის აღკვეთისთვის. ის, თუ როგორ ვეპყრობით მცირეწლოვან ბავშვებს, განაპირობებს არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ ჩვენი საზოგადოების მომავლისაც,”- ნათქვამია იმ დეკლარაციაში და 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც უნისეფმა, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მოამზადეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი