ახალი ამბები

საპატრიარქოს მეტი სიფრთხილე მართებს ინსტიტუციებზე საუბრისას – ვაშაძე

6 აგვისტო, 2018 •
საპატრიარქოს მეტი სიფრთხილე მართებს ინსტიტუციებზე საუბრისას – ვაშაძე

გიორგი ვაშაძე მარიხუანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ამბობს, რომ საპატრიარქოს მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრობდა.

“საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილე მართებს, როცა საუბარია ინსტიტუციებთან დაკავშირებით, ინსტიტუციებზე შეტევა არ არის საპატრიარქოს ფუნქცია. პოზიციის გამოხატვას მათ ვერავინ ვერ აუკრძალავს და ეს მათი პოზიციაა” ,- განაცხადა ვაშაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ილია მეორემ ქადაგებისას უარყოფითად შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით და მას “ერის მტრობა” უწოდა. ამ განცხადებას წინ უძღოდა მოსაყდრე შიოს თანაშემწის განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია:

“პირველი, უნდა მივეჩვიოთ, რომ ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი როლი ქვეყანაში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს. ზოგს შეიძლება მოსწონს, ზოგს არ მოსწონს მისი გადაწყვეტილებები. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება ამ გადაწყვეტილების პირობებში. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში”,- ამბობს ვაშაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი