ახალი ამბები

სასამართლომ რადიო “მოზაიკის” დირექტორის დაჯარიმების მოთხოვნა შსს-ს არ დაუკმაყოფილა

3 აგვისტო, 2018 •
სასამართლომ  რადიო “მოზაიკის” დირექტორის დაჯარიმების მოთხოვნა შსს-ს არ დაუკმაყოფილა

გორის რაიონულმა სასამართლომ რადიო “მოზაიკის” დირექტორის დაჯარიმების მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკმაყოფილა.

შსს გვანცა დოლუაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. დოლუაშვილის თქმით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი შესაძლო ბრალეულობის დასამტკიცებლად.

საქმე გორში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდსაჭერი წარწერების გამოჩენას უკავშირდებოდა. კერძოდ,  თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, გორში გამოჩნდა წარწერები , „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“, რაზეც შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.

წარწერების გამოჩენიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ კი გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

გვანცა დოლუაშვილი აცხადებდა, რომ საქმის მასალები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ეფუძნებოდა და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გამოძიება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროვების მცდელობა იყო:

“პოლიციამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მტკიცებულებებით დასაბუთება, რასაც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს და საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ ისინი ცდილობენ მედიის, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებას. კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ რადიო “მოზაიკა” ძალიან აქტიურად აშუქებდა სარალიძის მხარდამჭერ აქციებს. სხვადასხვა საპროტექსტო აქციაში ვმონაწილეობდით კიდეც და ამ თემაზე სხვადასხვა ადგილობრივ მედიასთან მისაუბრია კიდეც”– ამბობს დოლუაშვილი.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

საპროტესტო სტენსილების გამო, შსს რადიო მოზაიკის დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი