ახალი ამბები

შოთაძე: ჩატარდა ყველა მოქმედება მკვლელობებთან სუბელიანის შვილის კავშირის დასადგენად

3 აგვისტო, 2018 •
შოთაძე: ჩატარდა ყველა მოქმედება მკვლელობებთან სუბელიანის შვილის კავშირის დასადგენად

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო კავშირის დასადგენად, საკუთარ თანამშრომლებს დაავალა ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაეტარებინათ. ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 3 აგვისტოს ისაუბრა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არ ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი ამ გადმოსახედიდან, რომ მისი დავალება შესრულდა. კერძოდ, კაპანაძემ იკითხა:

“ამ გადასახედიდან როგორ თვლით, თქვენი დავალება, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულიყო, შესრულდა? გაგახსენებთ რას ვგულისხმობ, ტელეფონი ამოღებული არ იქნა, მიმოწერა ამოღებული  არ იქნა, სახლი გაჩხრეკილი არ იქნა, სუბელიანი დაკითხული არ იქნა, სუბელიანის ცოლი დაკითხული არ იქნა, მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის სახლში ჩხრეკა არ ჩატარდა, ტანსაცმელი ამოღებული არ იქნა, მისი მიმოწერა ამოღბული არ იქნა და ა.შ. ამ გადასახედიდან მაინც თვლით, რომ თქვენი დავალება შესრულდა?” – იკითხა კაპანაძემ.

შოთაძემ, კაპანაძის კითხვას პირდაპირ არ უპასუხა. თუმც, მას შემდეგ, რაც დეპუტატი მას რამდენჯერმე ჩაეკითხა, შოთაძემ თქვა, რომ მან მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რაც შეეხება იმ პროცედურებს, რაც გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა, შოთაძის თქმით, ამის ობიექტური მიზეზები, შესაძლოა, არსებობდეს:

“ეს თქვენი შეფასებაა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. მე მივიჩნევ, რომ ჩემი დავალება რაც იყო, რომ მიმეღო ინფომაცია მკვლელობებში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე, მივიღე და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მე მივიღე ის ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა, შესაბამისად დავალება შესრულებულია” – ამბობს შოთაძე.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს, 3 აგვისტოს, ყოფილ მთავარ პროკურო ირაკლი შოთაძეს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი