ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პირველი აფხაზურენოვანი მულტფილმი “ლეონი და ნაალა” შექმნეს

3 აგვისტო, 2018 • 2720
აფხაზეთში პირველი აფხაზურენოვანი მულტფილმი “ლეონი და ნაალა” შექმნეს

“ლეონი და ნაალა” – პირველი აფხაზურენოვანი მულტფილმია, რომელიც 5 სერიისგან შედგება. მულტფილმების შემქმნელების განცახდებით, მულტფილმის გმირები ლეონი და ნაალა აფხაზურ ენაზე და საკუთარი მაგალითით  შეასწავლიან ბავშვებს, “როგორ უნდა მოიქცნენ საზოგადოებაში ქცევის აფხაზური ნორმების შესაბამისად”.

პროექტის ავტორი ასტამურ კვიცინია გვიყვება, რომ თავადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვის მამაა და დიდი ხნის განმავლობაში სურდა, ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროექტი შეექმნა.

“სხვა ქვეყნებში არის საგანმანათლებლო მულტფილმები, მაგრამ მათი გადმოთარგმნა არ გამოდის, ჩვენ სულ სხვა კულტურა გვაქვს. ჩვენ საკუთარი გვიჭრდება, თავისი ვიზუალური მასალითვე”, – ამბობს ასტამურ კვიცინია.

მულტფილმების შექმნამდე ასტამურ კვიცინია აფხაზურ თემატიკაზეკომიქსებს ხატავდა. ეს ჟურნალები აფხაზური ენის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გამოდიოდა.

მხატვარი დარწმუნებულია რომ აფხაზური ენის განვითარება აუცილებლად უნდა ხდებოდეს სკოლამდელ ასაკში.

“თუკი ჩვენ არ შევიტანთ საკუთარ წვლილს მულტფილმების, ფილმების, წიგნებისა და ჟურნალების დამზადებაში ბავშვებისთვის, განვავითარებთ არა აფხაზეთს, არამედ რაღაც სხვა რესპუბლიკას”.

დღეს “ლეონის და ნაალის” მულტლფილმის პროექტი შეჩერებულია. საკმარისი ფული ვეღარ იშოვეს. როგორც ასტამურ კვიცინია ამბობს, მისი დამზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ამიტომაც შესაბამისი ანაზღაურებაა საჭირო.

აფხაზეთის ენობრივი პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტს, რომლის წლიური ბიუჯეტიც 8 მილიონი რუბლია [126 ათასი აშშ დოლარი], ანიმაციური პროექტის გასაგრძელებლად ფინანსები არ აქვს. 5 სერია თითქმის 2 მილიონი რუბლი [დაახლოებით, 32 ათასი დოლარი] დაჯდა.

“ასტამურმა 500 ათასი რუბლი [დახლოებით, 8 ათასი აშშ დოლარი] მოითხოვა ერთი სერიისთვის, ეს ძალიან ძვირია, ამბობს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამილა არშბა, –  ჩვენ შემდეგი წლიდან ვგეგმავთ პროექტის “აფხაზური სამყარო” ჩაშვებას. ეს იქნება არხი, სადაც 24 საათი აფხაზურ ენაზე ნათარგმნი მულტფილმები გავა. ეს პროექტი 4.5 მილიონი რუბლი დაჯდება. რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი მულტფილმებიც გვინდა. თუ სპონსორი გამოჩნდა, გავაგრძელებთ”.

ენობრივი პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. თამილა არშბას თქმით, კომერციულ საწარმოებსა და მეცენატებს არ გააჩნიათ ფონდის საქმიანობის მიმართ რაიმე ინტერესი. საზოგადოების მხრიდან კი მსგავსი მულტიფლმების შექმნაზე ინტერესი არსებობს.

მულტფილმების შემქმნელები ამბობენ, რომ “ეს 5 სერია ზღვაში წვეთია და დიდი ეფექტის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ვინმეს”.

მულტფილმზე მომუშავე ხმის რეჟისორი ჯამბულ ჟორდანია ამბობს, რომ 50 და 100 სერია მაინც არის საჭირო, რაღაც გავლენა რომ იქონიო ბავშვებზე.

სპეციალურად ამ მულტფილმისთვის მუსიკა ჯამბულ ჟორდანიამ დაწერა.

“ყველა მელოდია მულტფილმში საავტოროა და არ ასოცირდება რომელიმე ნაწარმოებებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი გამოხატავს ხალხის ხასიათს”, – ამბობს ჟორდანია.

პირველი აფხაზური მულტფილმის ავტორები ამბობენ, რომ ანიმაციური სტუდიის შექმნაზე ოცნებობენ, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო და კომერციულ პროდუქტს, არამედ სოციალურ ამოცანებსაც ჩაეჭიდება, სადაც ბავშვები და მოზარდები ისწავლიან.

“დარწმუნებული ვარ, ბევრ მოინდომებს მულტფილმების შესწავლას დაეუფლოს. ჩვენ ბავშვების ქუჩიდან გაყვანას შევძლებდით”.

იქამდე, სანამ სახელმწიფო მსგავსი პროექტების განვითარებით დაინტერესდება, მულტფილმის ავტორები სხვა საქმიანობით დაკავდნენ. ჯამბულ ჟორდანია თეატრით, ასტამურ კვიცინიამ  კი მოსკოველი დამკვეთები დააინტერესა და ამჟამად რუსი ბავშვების საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი