ახალი ამბები

პედაგოგი ამბობს, რომ მისი ანგარიშიდან ფული ტოტალიზატორის ანგარიშზე უნებრათვოდ გადაირიცხა

1 აგვისტო, 2018 • 4616
პედაგოგი ამბობს, რომ მისი ანგარიშიდან ფული ტოტალიზატორის ანგარიშზე უნებრათვოდ გადაირიცხა

ხაშურის რაიონის სოფელ ტკოცას მცხოვრების ლელა მეტრეველისა და მის ქმრის, სიმონ შუბითიძის ანგარიშიდან თანხა ტოტალიზატორის ანგარიშებზე გადაირიცხა. ლიბერთი ბანკი აცხადებს, რომ მოკვლევა დაწყებულია. საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს იკვლევს პოლიციაც, თუმცა ჯერჯერობით, გამოძიება არ დაწყებულა.

ლელა მეტრეველი პროფესიით პედაგოგია, მისი ქმარი სიმონ შუბითიძეც მასწავლებელია. ლელა მეტრეველი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ 19 ივლისს მისი ქმრის ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ტოტალიზატორ “კრისტალბეთის” ანგარიშზე, ხოლო 28 ივლისს მისი და მისი თანამშრომლის ანგარიშიდან გადაირციხა ასევე ტოტალიზატორის “ლიდერბეთის” ანგარიშზე.

ლელა მეტრეველი ამბობს, რომ “ლიბერთი ბანკს” ცხელი ხაზით დაუკავშირდა და იგი ბანკმა პოლიციასთან გადაამისამართა:

“მითხრეს, პოლიციამ გაარკვიოსო. ალბათ, თქვენი ბარათი იყო ვინმესთვის ხელმისაწვდომიო. ჩემი ბარათი მე მაქვს ყოველთვის და ასე არ არის მეთქი ვუპასუხე, მაგრამ სამწუხაროდ, არ დამიჯერეს”, – ამბობს ლელა მეტრეველი ნეტგაზეთთან საუბრისას. მისივე თქმით, ბანკმა ბარათი დაუბლოკა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ლიბერთი ბანკსაც”, სადაც განგვიცხადეს, რომ პოლიციას მიმართეს და მოკვლევა მიმდინარეობს. ბანკში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა.

ლელა მეტრეველის განცხადებით, ბანკის გარდა, მან პოლიციასაც მიმართა განცხადებით. შსს-ში აცხადებენ, რომ შემოსული განცხადებით საფუძველზე პოლიციამ წინასაგამოძიებო შესწავლა დაიწყო და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისთანავე დაიწყება გამოძიება შესაბამისი მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი