ახალი ამბები

რატომ გაიზარდა თვალის დაავადებები 2017 წელს 35%-მდე – სამინისტროს განმარტება

2 აგვისტო, 2018 •
რატომ გაიზარდა თვალის დაავადებები 2017 წელს 35%-მდე – სამინისტროს განმარტება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით, მოსახლეობის ავადობა შემცირდა. თუმცა, არის დაავადებების რამდენიმე ჯგუფი, სადაც აღნიშნული მაჩვენებლი გაიზარდა. მათ შორისაა თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები, რომელმაც 34.7%-ით მოიმატა.

როგორც საქსტატის ვებსაიტზე ვკითხულობთ, 2016 წელს თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობა 93.3 ათას ადამიანს აღმოაჩნდა, 2017 წლისთვის კი ეს რიცხვი 125.7 ათასამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, სადაც დაავადებების რიცხვი გაიზარდა, თანდაყოლილი ანომალიების ჯგუფში მონაცემი – 14.7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების ჯგუფში 4.8 პროცენტით გაიზარდა.

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის
ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი , რაც 647.1 ათასი ადამიანია), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი, რაც 267.8 ათასი ადამიანია ) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი, რაც 184.7 ათასი ადამიანია) ავადმყოფობები. ამ სამივე ჯგუფში, 2016 წელთან შედარებით, ავადმყოფობების რიცხვი შემცირებულია.

როგორც ნეტგაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ თვალის ავადმყოფობების რაოდენობის მატებამ 34.7%-ს მიაღწია, საგანგაშო მაინც არაფერია.

“ძალიან ბუნებრივია ეს მაჩვენებელი იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მოსახლეობის ასაკობრივი გადანაწილება ერთ-ერთი გამოწვევაა. ჩვენი მოსახლეობა “დაბერებადი” მოსახლეობაა. რაც უფრო იმატებს ასაკიანი მოსახლეობა, მით უფრო იზრდება თვალისთვის დამახასიათებელი დაავადებები, მაგალითად, როგორიცაა კატარაქტა,” – გვითხრა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ.

მისივე თქმით, თვალისა და მისი დანამატების დაავადებათა ოდენობის ზრდის ტენდენცია 2013 წლიდან მზარდია თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია.

“მეორე მიზეზი ისიც არის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსთება ოპერაციული დახმარება და ის ჩარევები, რომლებიც მკურნალობისთვის საჭიროა. შესაბამისად, იზრდებოდა ცნობადობა, მიმართვიანობა და პრობლემის დეტექცია. მეტი ადამიანი მიდის და მიმართავს ექიმს. ეს ავადმყოფობები ყველაზე დამახასიათებელი ასაკოვანი მოსახლეობისთვისაა, ვინაიდან დაავადება “შეჭიდულია” ასაკთან,” – განმარტავს მარინა დარახველიძე.

მისივე თქმით, გამომწვევ მიზეზად ისიც შეიძლება დასახელდეს, რომ მოსახლეობა სულ უფრო ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერების მონიტორებსა თუ პლანშეტებს, რაც თვალზე ზეწოლას ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი