ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება

21 თებერვალი, 2014 •
პრეზიდენტი: ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს რუსეთს გააგებინოს, რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნით მათი პრობლემები არ გვარდება:

 

“ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური, ერთიანი და განვითარებული საქართველო რეგიონში არის თანამშრომლობის გარანტია.  არის  ეკონომიკური და კულტურული პროექტების განვითარების წინაპირობა, კეთილმეზობლობის წინაპირობა.

ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება, არამედ, შესაძლოა, პირიქითაც. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად წელში გამართული, სტაბილური  საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას. ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიც კეთილმეზობლობაა, ოღონდ იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე.”

 

მარგველაშვილის თმით, გასულ წელს მათ  შეცვალეს წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც, მისივე მოსაზრებით, არანაირი შედეგი არ ჰქონდა:

“შარშან დიალოგის ახალი ფორმატი გავხსენით რუსეთთან, სადაც საუბარი ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე იყო. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესებში გარკვეული წინსვლა შეიმჩნეოდა, თუმცა მავთულხლართების მშენებლობამ და 11-კილომეტრიანი საზღვრის ზონის გადაწევამ ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა.  ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რუსეთთან დიალოგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად,  საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვაპირებთ ჩვენ გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ამავე დროს ეს ერთადერთი გზაა. საქართველო ხშირად ყოფილა სხვადასხვა იმპერიების მიერ დაპყრობილი, მაგრამ როგორც კი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაშინვე მოსახლეობამ საკუთარი მომავალი ევროპულ სივრცეში იპოვნა. ეს არა კონიუნქტურული, არამედ ბუნებრივი გადაწყვეტილებაა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი