ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა

21 თებერვალი, 2014 • • 1449
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა

დოკუმენტი, რომელიც 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს, უკვე განთავსდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (იხ. ბმული).


ტექსტის ქართულად თარგმნილი ვარიანტი დღეს, 21 თებერვალს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა წარუდგინეს. თამარ ბერუჩაშვილის განმარტებით, მოცემული ტექსტის თარგმნა საკმაოდ რთული სამუშაო იყო, რადგან ზოგიერთი ტერმინს, რომელიც ორიგინალ ტექსტშია გამოყენებული, ქართული შესატყვისი საერთოდ არ გააჩნია.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, პარალელურად მიმდინარეობს ტექსტის ევროკავშირის 24 ენაზე თარგმნა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დროულად დასრულდება.


საგარეო უწყების განცხადებით, ვებ-გვერდზე განთავსებულ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტს გააჩნია მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა და არ წარმოადგენს შეთანხმების საბოლოო ვერსიას. პარაფირებული ტექსტი ხელმოწერამდე ექვემდებარება სამართლებრივ და ლინგვისტურ ექსპერტიზას. აღნიშნული ტექსტი არ წარმოშობს საერთაშორისო საჯარო სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს.


დოკუმენტი, რომელიც 1100 გვერდს აღემატება, შედგება პრეამბულისაგან, 8 კარისაგან, ოქმებისაგან და დანართებისაგან, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, რაშიც ესა თუ ის რეფორმა უნდა განხორციელდეს.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ქ. ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს. შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ სამართლებრივად სავალდებულოა. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ინოვაციური შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების კონკრეტულ მექანიზმებს. საქართველოსთვის ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივით. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (Partnership and Cooperation Agreement – PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტზე – 2011 წლის დეკემბერში). მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 15 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი – ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცეზე და 100-მდე ვიდეოკონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი