საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე ამბობს, რომ წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრა მოხდა, რომელშიც ნინო ჭავჭავაძე, დავით დარახველიძე, ხოლო აფხაზეთის მხრიდან დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია თავის კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა. ჭავჭავაძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულზე მოხდება 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მებრძოლების გადმოსვენება დიღმის სასაფლაოზე:
“გარდა ამისა, მოხდება ადრე გადმოსვენებული ამოუცნობი მებრძოლების იდენტიფიცირება და ექსჰუმაცია. არსებობს ოცდაათამდე სამარხი და ამ სამარხების გახსნა მოხდება თანდათანობით, ეტაპობრივად. თბილისშიც არის ასეთი სამარხები და ჩვენ ვცვლით ინფორმაციას. მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ჩვენს აფხაზ კოლეგებს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს არის ჰუმანიტარული საქმიანობა და არ უნდა იყოს გაიგივებული პოლიტიკურ შეთანხმებასთან.”
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აფხაზურ მხარეს საგანგებო მადლობას ეუბნება:
“ეს არ არის აფხაზური და ქართული მხარეების პირდაპირი მოლაპარაკება. ჰუმანიტარულმა და ადამიანურმა დამოკიდებულებამ, ტრადიციებმა თუნდაც, იმარჯვა ამ შემთხვევაში და ნაკლებად პოლიტიკურად დახუნძლულია ეს გადაწყვეტილებები. საგანგებო მადლობა გვინდა ვუთხრათ აფხაზურ მხარეს გამოჩენილი ასეთი დამოკიდებულებისათვის და ქართველებს, რასაკვირველია, აფხაზებისადმი გამოჩენილი დამოკიდებულებისათვის.”




![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



