ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის ინიციატივას მიესალმებიან

20 თებერვალი, 2014 •
არასამთავრობოები საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის ინიციატივას მიესალმებიან

“მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. თუმცა არასათავრობოები მიიჩნევენ, რომ კვლავ პრობლემურად რჩება საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, ვერ უზრუნველყობს ერთი ხმის თანასწორობის პრინციპსა და ამორჩევლის მიერ გამოხატული ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში.

 

“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ მეტი მზაობა უნდა გამოხატოს მასშტაბური ცვლილებებისთვის, ვინაიდან მხოლოდ ბარიერის გაზრდა სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:

 

მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი ხმის თანაბარი წონის პრინციპი;

მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის მთლიანად ამოღება, რადგან აღნიშნული პროცედურა წინააღმდეგობაში მოდის პირდაპირი არჩევნების პრინციპთან და მნიშვნელოვნად აკნინებს მის მნიშვნელობას;

თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს და რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული კოდექსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან.

 

“მიუხედავად შემჭიდროებული ვადებისა, ვფიქრობთ, რომ ცვლილებების პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა გაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს ამ უკანასკნელის მხრიდან შესაბამისი შეფასებები, რომლებიც, იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების მიერ”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მზადყოფნას გამოთქვამენ ნებისმიერ ფორმატში აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ დისკუსიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი