წერილში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ ცესკოს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება–გაფლანგვის ფაქტს შეეხება:
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ შეჭიდროებულ ვადებში გვაცნობოთ, იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. დადებით შემთხვევაში მოგვაწოდეთ აღნიშნული პირების სია დემოგრაფიული მონაცემების მითითებით და გვაცნობეთ მათი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამგზავრების საფუძველი”, – ნათქვამია პროკურატურის წერილში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცესკომ აღნიშნული წერილი გუშინ, 18 თებერვალს მიიღო და ცენტრალური საარჩენო კომისია პროკურატურას ინფორმაციას დაჩქარებულ რეჟიმში მიაწოდებს:
“ვადასტურებ, რომ შემოვიდა მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ჩვენ დაუყოვნებლივ, დაჩქარებულ რეჟიმში გავცემთ პასუხს. რაც შეეხება იმას, თუ რა ინტერესებიდან გამომდინარე შემოვიდა მოთხოვნა, ეს უკვე პროკურატურის თემაა და ჩვენ ვერ გავაკეთებთ განმარტებას. ასევე ჯერ ვერ ვიტყვით, თუ ვინ იყო წარგზავნილი საარჩევნოდ, სავარაუდოდ, იქნებოდა რამდენიმე ადამიანი”, – აცხადებს თამარ ჟვანია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაჭირდა პროკურატურას აღნიშნული ინფორმაცია:
“აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი. არსებობს ტრადიცია და საარჩევნო ადმინისტრაციები ერთმანეთს იწვევებ არჩევნებზე დასაკვირვებლად, ჩვენ რეგულარულად დავდიოდით უკრაინაშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2010 წელს მე უკრაინაში არ ვიმყოფებოდი, ალბათ იყო ჩემი მოადგილე და შესაძლოა კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. თუ საქმე ეხება ხარჯებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია”, – აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.
როგორც პროკურატურის პრესსამსახურში დილით განაცხადეს, ისინი ცდილობენ მოიძიონ უფრო დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიზნით და ვინ გაგზავნა წერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მიმართვის წერილზე შემდგენ პირად თავდაცვის სამინსიტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ზურაბ ლორიაა მითითებული. “ნეტგაზეთი” ამ დრომდე ცდილობს პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირებას.