სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გია გიორგაძე აცხადებს, რომ მთავრობამ კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი შემოიტანა პარლამენტში, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ის სპეციალური საშუალება, რომელიც პარლამენტისთვის იყო შეთავაზებული, კანონპროექტში რჩება, ვინაიდან ეს საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული:
“ეს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს, ჩვენ გაცილებით ნაკლები სადამსჯელო საშუალებები გვაქვს ჩანაწერში, ვიდრე სხვა ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული სიცხადე შევიტანეთ ფორმულირებებში, როგორ შეიძლება გამოყენებული იქნეს ესა თუ ის საშუალება. მაგალითად, წიწაკის გაზი არ გამოყენება დახურულ სივრცეში, ასევე, სამკურნალო დაწესებულებასა და ქალთა ციხეში, ისევე როგორც არასრულწლოვანთა პატიმრობის დაწესებულებებში. უმნიშვნელოვანესი რაც არის, ისაა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით მოხდება ციხეების მართვა საერთაშორისო სტანდარტით, რაც ნიშნავს, რომ მოხდება პატიმართა კლასიფიცირება საშიშროების რისკების მიხედვით. იქნება ახალი ტიპის დაწესებულებები დაბალი რისკის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის დაწესებულება. პატიმრები იქ მოხვდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან საპატიმრობეში. დაბალი რისკის დაწესებულებაში მოხვდებიან პატიმრები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ სხვა პატიმრებისა და ადმინისტრაციისთვის საფრთხეს. აქვე მათ საშუალება ექნებათ სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ და დასაქმდნენ. რაც შეეხება განსაკუთრებული ტიპის დაწესებულებას, იქ მოხვდებიან პატიმრები, რომლებიც ცდილობენ ადმინისტრაციას ხელი შეუშალონ მართვაში, ცდილობენ კრიმინალური სამყაროს გავლენის გაძლიერებას და თავიანთი წესების მოხვევას სხვა დანარჩენი პატიმრებისთვის, რომელსაც არ აქვთ ამის სურვილი და აიძულებენ დამოერჩილონ. აქედან გამომდინარე, მოხდება იზოლირება და ისინი მოხვდებიან უმკაცრეს პირობებში, რომელიც საერთაშორისო სატანდარტებით არის განსაზღვრული.”
კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, რომ ახალ რედაქციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პატიმართა ფუნდამენტური უფლებების შენარჩუნებას და ძირითადი აქცენტი მათ უსაფრთხოებაზე გაკეთდება:
“საკმაოდ წონადი შენიშვნები გათვალისწინებული არის. დამატებით მოხდა ჩვენი კომიტეტის მოსაზრებების გაზიარებაც. კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც საუბარია პატიმართა ფუნდამეტური უფლებების შენარჩუნების თაობაზე, როგორიც იყო ადვოკატის უფლება, მოწმეების უფლება, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტი. საუბარი იყო სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, ჩამონათვალზე და ამავე დროს კონკრეტულ დასაბუთებაზე, რომელიც ჩანაწერში იქნება ძალიან მკაფიოდ გაწერილი”.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით დასაშვებია სპეციალური საშუალებების გამოყენება. ესენია: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.
კანონპროექტში გაწერილია ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ხელბორკილის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც პირი წინააღმდეგობას უწევს მოთხოვნას, ან საფრთხეს უქმნის საკუთარი თავის ან სხვათა უსაფრხოებას, ხოლო ცრემლსადენი გაზი მასობრივი არეულობის დროს გამოიყენება.
“პატიმრობის კოდექსის” 57–ე მუხლი ისედაც ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში პატიმრებთან მიმართებაში სხვადასხვა ნივთების გამოყენებას, თუმცა მოქმედი კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილ საგანთა სია გაცილებით მცირეა. მაგალითად, ხელბორკილი ან დამაწყნარებელი პერანგი:
“ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულთაგან/ მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არაუმეტეს 24 საათისა”, – წერია კანონპროექტის პირველ ვარიანტში.
მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთი ნივთების გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ხელკეტი ან ცრემლსადენი გაზი.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



