ახალი ამბები

ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში” ტერორიზმთან დაკავშირებით

18 თებერვალი, 2014 •
ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში” ტერორიზმთან დაკავშირებით

ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გადაბირება და ტერორისტული საქმიანობის ხელის შეშლისთვის ზომების მიუღებლობა დასჯად ქმედებად ცხადდება.

 

“სახელწმიფოს მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს იმგვარი სამართლებრივი ბაზის არსებობას, რომელიც ამ ბრძოლას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ თვალსაზრისით, სახეზეა ქართული კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობა, რათა სახელმწიფოს გააჩნდეს იმგვარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც თანამედროვე ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტურ მექანიზმს შექმნის,”-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.  

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განმარტებით, ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლისთვის აღნიშნული ცვლილებები აუცილებელია:


“ტერორიზმთან დაკავშირებით მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდა “სისხლის სამართლის კოდექსში“ გარკვეული ცვლილებების შეტანა. კოდექსში გაჩნდა  ახალი ჩანაწერებიც. სიახლეების შეტანა კოდექსში იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. კანონპროექტზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და  მჭიდრო კონსულტაციები  სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხორციელდებოდა.”


ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობა, ანუ  საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმანობაში მონაწილეობა, ასევე,  უცხო სახელმწიფოსთვის ან მისი ორგანოებისთვის, პირთა ჯგუფისთვის, ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა ჩადენილი ტერორისტული მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე ვადით.

 

ამ მუხლის მიზნებისთვის, სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა გულისხმობს – შესაბამისი პერსონალის შერჩევას, წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის შეძენას, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ლოჯისტიკური, სადაზვერვო ან ფუნქციონალური დახმარების გაწევას, ტერორისტის პირადი დაცვით უზრუნველყოფას ან სხვა სამხედრო ხასიათის მომსახურების გაწევას.


გარდა ამისა,  ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ან მისი ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე, მისი წევრობა 10–დან 12 წლამდე, ხოლო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, პირის გადაბირებისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5–დან 10 წლამდე განისაზღვრება.  ამავე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან ჯარიმით.

 

ისჯება საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისკენ. კერძოდ, ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ მოწოდების მიზნით, ინფორმაციის საქვეყნოდ გავრცელება, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას და წარმოშობს ასეთი საქმიანობის საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.


კანონპროექტის მიხედვით, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით, ინტსრუქტაჟის გაწევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8–დან 11 წლამდე, თუ მოხდება ინსტრუქტაჟი ასაფეთქებელი, ცეცხლასროლი ან სხვა სახის იარაღის გამოყენება ან დამზადება. ასევე თავისუფლების აღკვეთით ვადით 10–დან 15 წლამდე იზრდება სასჯელი, თუ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ  სამხედრო ხასიათის წვრთნა განხორციელდება.


რაც შეეხება ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, როგორიცააა – სამალავი და თავშესაფრის მიცემა, ან წინასწარ შეცნობით ტერორისტისთვის, ან ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი