ახალი ამბები

ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

18 თებერვალი, 2014 •
ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

პავლე კუბლაშვილის თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომები და კანონში ცვლილებების შეტანა დიდი ვერაფერია იმ ფონზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კანდიდატებს აკავებენ:


საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციას ჩრდილი მიადგა, რადგან მისივე თქმით, ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამ ფონზე კი ბარიერის გაზრდა არაფერს ცვლის:


“რეალობა ისაა, რომ  დუშეთში და ხონში დაკავებული არიან “ნაციონალური მოძრაობის” ის წარმომადგენლები, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ გამგებლების არჩევნებში. ამ პირობებში რა ნორმაც არ უნდა ჩაიწეროს კანონში, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს ის ფრაზები, რაც 50-პროცენტიან ბარიერს უკავშირდება, საერთოდ არ არის რელევანტური. თუ ეს ადამიანები ჩამოაცილეს არჩევნებს, კანონში ნორმების ჩაწერას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჩვენი შენიშვნა არის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ძალიან დიდი ჩრდილი უკვე მიადგა”.

 

აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური, რომელიც თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ხონსა და დუშეთში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია:

 

“ხონში და დუშეთში არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იმავე პერიოდში დააკავეს ყვარლის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი, რომელიც  კონსერვატიული პარტიიდან არის.  თუ “ნაციონალურ მოძრაობასაც” მიაჩნია, რომ პროკურატურა დევნის “კონსერვატიულ პარტიას”, ასეთ შემთხვევაში იქნება მათი არგუმენტი მისაღები.”

 

რაც შეეხება 50%-იან ბარიერს, ძიძიგურის მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას უფრო მეტად აწყობდა, თუმცა მეორე ტურის დიდი ალბათობის გამო ამისგან თავს იკავებდა:


“რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა გატანილი, სადაც შენიშვნებიც გამოითქვა, თუმცა ძირითადად მან მოწონება დაიმსახურა. გადამწყვეტი როლი 50-პროცენტიან ბარიერის მიღებაზე კოალიციის ლიდერმა ითამაშა. თუმცა ამას ნაკლები სიხარული მოჰყვა. როგორც ჩანს, ეს არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა იმ პარტიებისთვის, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ბარიერის აწევა მათთვის იყო მნიშვნელოვანი. 50-პროცენტიანი ბარიერი უფრო მეტად აწყობს ხელისუფლებას, ვიდრე ეს აწყობდა ოპოზიციას. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, უბრალოდ, მეორე ტურების დიდი ალბათობის გამო ვთვლიდით, რომ არ იყო საჭირო ამის აუცილებლობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი