ამ საკითხზე მინისტრმა დღეს, 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“კონცეფცია ახლა მზადდება. მე ვმუშაობ ძველი კონცეფციით, სტრატეგია დამხვდა. საქმე ისაა, რომ მთელი ამ კონფლიქტების განმავლობაში, 2010 წლამდე არავითარი სტრატეგია არ არსებობდა ქვეყანაში. 2010 წელს დაიწერა სტრატეგია, მაშინ ბატონი იაკობაშვილი იყო მინისტრი და, როგორც იქნა, ყველამ ამოვისუნთქეთ. მე ამ სტრატეგიით დღემდე ვმუშაობ იმიტომ, რომ ვითარება არსებითად არ შეცვლილა, რუსეთი ისევ ოკუპნატია, აღიარება არსებობს, ანუ კონფლიქტის კონტექსტში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება დადგეს ან არ დადგეს, არის ოლიმპიადის გასვლა. ოლიმპიადის გრავიტაცია ყველაფერს აჩერებდა. აპრილიდან ეს გრავიტაცია უკვე აორთქლებული იქნება და დარჩება რეალობა. ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ეს ის რეალობაა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და შევიმუშავოთ ახალი კონცეფცია.
ოლიმპიადა ჩაივლის და რეალობა გამოჩნდება. აფხაზეთშიც არის მოსალოდნელი გარკვეული დაძაბულობა. იქ პოლიტიკური კონტექსტები გაჩერდა, იქ ხელისუფლებაში ბრძოლა იქნება… მცირევადიანი დაძაბულობა შეიძლება იყოს აფხაზეთში. ესეც გასათვალისიწნებელია: შეინარჩუნებს თუ არა ძალუფლებას დე ფაქტო ხელისუფლება, როგორ? ამ ყველაფერს მნიშვენლობა აქვს. ამასობაში ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები მოდის, რომელიც უკანონოა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ფენომენია. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, რათა ზუსტი დიაგნოზი დავსვათ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზემოხსენებული კონცეფცია სამ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება: საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას და უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას:
“სამი მიმართულებაა, მათ შორის საქართველოს დემოკრატიზცია და სახელმწიფოს შეცვლა არსებითად, რომ დაინახოს ყველამ… პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებმა და მერე უკვე იმ ხალხმა, ვისაც დანახვა არ უნდათ, რუსეთს. ამის დანახვა შეიძლება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებსაც არ აწყობთ, რადგან მათ არჩევანის საშუალება უწევთ. ვიღაცას აღიზიანებს, რომ პაატა ზაქარეიშვილი ამბობს რატომ აქვს არჩევანიო და რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმაც არჩევანი გააკეთეს უკვე, მათ უკვე დიდი ხანია რუსეთზე გააკეთეს არჩევანი. ჩვენ ახლა მათ ვაძლევთ საშუალებას წამოვიყვანოთ აქეთ, არა მარტო საქართველოსკენ, არამედ ევროპული საქართველოსკენ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ნეტგაზეთის შეკითხვას, ის არჩევანი, რომლის შესახებაც იგი საუბრობს, რომ აფხზებმა და ოსებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ, იყო თუ არა ნებაყოფლობითი, ზაქარეიშვილმა ასე უპასუხა:
“მაგას რა მნიშვნელობა აქვს, არჩევანი გაკეთებულია. ნებით თუ არა ნებით, არჩევანი გაკეთებულია. იქ არის რუსული ენა, რუსული ფული, რუსული ჯარი, კულტურა, ყველაფერი რუსულია, ანუ ეს არსებობს. ჩვენ დღეს მათ უნდა შევთავაზოთ კონფლიქტის მოგვარება ახალ კონტექსტში. ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანი”, – განაცხადა მინისტრმა.




