ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: რაიან გრისტი უაღრესად გამოცდილია ამ სფეროში და მე ევროკავშირს ვენდობი

18 თებერვალი, 2014 •
ზაქარეიშვილი: რაიან გრისტი უაღრესად გამოცდილია ამ სფეროში და მე ევროკავშირს ვენდობი

როგორც ზაქარეიშვილმა დღეს რაინ გრისტის საკითხზე ნეტგაზეთის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იგი ენდობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას:

 

“ჩემთვის მთავარია ევროკავშირი. ვენდობით თუ არ ვენდობით ევროკავშირს?! ეს არის ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტური მაქსიმალურობით ჩვენ მხარში გვიდგას. ჩვენ თუ ასე ვიჩხერკედელავეთ, თან ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს… ყველაზე საშინელება, რაც გავრცელდა, არის ჯაშუშობა. მართლაც საშინელებაა, მაგრამ სადაა მტკიცებულებები?! ამ კაცს ენდობა ევროკავშირი, მე ვენდობი ევროკავშირს. ევროკავშირს ათასჯერ უფრო ვენდობი, ვიდრე ნაცმოძრაობის ამ კინკალაობას. რაიან გრისტზე მწარე გამოცდილება აქვს ნაცმოძრაობას. მათ კარგად იციან, რომ მან რაღაც–რაღაცები ილაპარაკა ისეთი, რაც მათთვის მიუღებელია. მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ ჩანს… ჩაიდინა მან დანაშაული? – ჩემი პასუხია არა, შეცდომა დაუშვა? – ჩემი პასუხია დიახ, მაგრამ მისი გამოცდილება ჩათვალა ევროკავშირმა საჭიროდ, რათა ეფექტურად აწარმოოს ის ვალდებულებები, რაც საქართველოს წინაშე აქვს აღებული. ეს ადამიანი მართლაც უაღრესად გამოცდილია ამ სფეროში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ქართულ მხარეს რაიან გრისტის გაწვევის მექანიზმი არ აქვს, თუმცა, რომც ჰქონდეს ასეთი მექანიზმი, იგი არ დაუშვებდა ამას:

 

“მაშინ არ ენდობი იმ სტრუქტურას, რომელიც შენ გეხმარება. არც გვაქვს ეს მექანიზმი, ამიტომ არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი”.

 

საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებლების, ქართველი დიპლომატების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია შესაბამისი მოთხოვნით, რომელსაც ხელს 600-მდე ადამიანი აწერს. ისინი აპროტესტებენ რაიან გრისტის ქმედებებს და განცხადებებს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის პერიოდში. როგორც ცნობილია, ომის დროს გრისტი საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

 

“რაც შეეხება რაინ გრისტის საკითხს, ეს არის ძალიან დიდი თემა. კოჰაბიტაციის შემდეგ ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა რატომ გადადის საზოგადოებრივ პანიკაში. გასაგებია, რომ მათ ნამდვილად არ აწყობთ ის, რომ მათი შეცდომები იყოს გამოაშკარავებული… რაიან გრისტი კი ამის ერთ–ერთი ვარიანტია. ვერც ღია და ვერც დახურული ინფორმაციით მერ ჯერ ვერ ვნახე მტკიცებულებები რაიან გრისტის ჯაშუშობაზე. ერთადერთი, რაც ნამდვილად იყო, ეს არის მისი შეცდომა. მან დაარღვია ეუთოში არსებული სტანდარტები და საჯაროდ თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა. მას გავლენა არ მოუხდენია, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო ამ ომში ანგელოზი არ ყოფილა. ანუ ყველაფერი არ იყო ისე, რომ 100 პროცენტით რუსეთი იყო დამნაშავე და 0 პროცენტით საქართველო, ან 100 პროცენტით საქართველო იყო ანგელოზი. ასე არ ყოფილა. იქ ჩანდა რუსეთის აგრესიის მნიშვნელოვანი წვლილი, მაგრამ -საქართველოს გარკვეული წვლილიც ამ ყველაფერში. რაიან გრისტმა რაც თქვა, ყველაფერი ეს გაიმეორა ტალიავინის ანგარიშმა გამოძიების შემდეგ. რა თქვა ყველაზე მძიმე რაიან გრისტმა? – მან თქვა, რომ საქართველოს რეაქცია იყო არაპროპორციული”.

 

 

ნეტგაზეთის კითხვას, რომ რაიან გრისტის სახელით დასავლურ და რუსულ მედიაში გავრცელდა განცხადება, თითქოს ომის წინა პერიოდში სამხრეთ ოსეთიდან შეირაღებული პროვოკაციები არ განხორციელებულა,  ეს კი ტალიავინის ანგარიშში არ ყოფილა ასახული, მინისტრმა ასე უპასუხა:

 

 

“მეორე საკითხია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რაც მან თქვა. გამოძიებამ ტალიავინის ანგარიშში დაადგინა, რომ იყო პროვოკაციები, რაზეც საქართველომ უპასუხა არაპროპორციულად. რაიან გრისტმა შემდეგ ეგ სიტყვები თვითონ უარყო, რომ მე არ მითქვამსო, და ეს წინა ხელისუფლებამ დაადასტურა. მეტიც წინა ხელისუფლებამ რაიან გრისტს მისცა უფლება საქართველოში ემუშავა და ის მუშაობდა, რაღაც სხვა მისიაში ჩამოვიდა შემდეგ. წინა ხელისუფლებამ მას დაუდასტურა საქართველოში ცხოვრების და მუშაობის უფლება. ახლა, რადგან ნაცმოძრაობა უკვე წყალწაღებულია და ხავსს ეკიდება, ამით აპირებს გადარჩენას და თავის წინააღმდეგ ქმნის სიტუაციებს. რაც არ უნდა ფაქტები მოიტანოს ნაცმოძრაობამ… მომბლანი ფაქტები რომ მოიტანოს, ჩვენ მას ევერესტ ფაქტებს მივუტანთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი