კომპანია აცხადებს, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ სარჩელი შეიტანეს გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ თანამშრომლების სამსახურში გამოუცხადებლობამ “სტიქიური” ხასიათი მიიღო და მან არ იცის, თუ რამდენი არ გამოცხადდა სამსახურში გაფიცვაში მონაწილეობის გამო და რამდენი – სხვა მიზეზით.
“როდესაც არსებობს საინიციატივო ჯგუფი გაფიცვის, მან უნდა წარმოადგინონ სია იმ ხალხისა, რომლის ინტერესსაც წარმოადგენენ. დღეისათვის ჩვენ მიღებული გვაქვს წერილობითი მომართვა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის. ანუ ვის ინტერესს წარმოადგენენ ისინი, იმ ხალხის სია ჩვენ არ გვაქვს. კომპანიისთვის უცნობია, სამსახურში რომ არ ცხადდება ეს ადამიანი, არ ცხადდება თვითნებურად, თუ ის გაფიცვის მონაწილეა”,- ამბობს ცაბაძე.
ცაბაძის თქმით, იგი ელოდებოდა, რომ პროფკავშირები მიაწვდიდა გაფიცული თანამშრომლების ნუსხას. თუმცა მათ არ ჩააყენეს საქმის კურსში კომპანიის ხელმძღვანელობა. ამიტომ ასკვნის ცაბაძე, რომ პროფკავშირი RMG gold-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედეებს.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროსთან. როგორც ვიცოდით, პროფკავშირები უნდა დასწრებოდნენ ამ შეხვედრას, თუმცა მათ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ამ შეხვედრას. ანუ ვხედავ, რომ არის მიზანმიმართული დესტრუქციული პროცესი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საწარმო გაჩერდეს”,- განაცხადა სოსო ცაბაძემ.
წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებას არ აპირებს, მაგრამ თუ საწარმოო პროცესს საფრთხე შეექმნება, მაშინ ისინი ადმინისტრაციულ ზომებს აუცილებლად მიიღებენ იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც გაფიცვაში არ მონაწილეობენ, მაგრამ სამსახურში არ დადიან.
კომპანია აცხადებს, რომ გაფიცული თანამშრომლები ემუქრებიან და სთხოვენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურში დადიან, რომ ისინიც მათ შეუერთდნენ. ცაბაძის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სახლი აქვთ კაზრეთში ნაქირავები, სახლის მეპატრონეები ბინის დაცლას აიძულებენ.
ცაბაძის განმარტებით, ასეთი ადამიანების რიცხვი 50-ია და მათ საწარმოს ტერიტორიას შეაფარეს თავი. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანამ წარმოადგინა ორი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ორი დასაქმებული საუბრობს იმაზე, რომ მათ გაფიცულები გაფიცვაში მონაწილეობას სთხოვენ.
RMG Gold-ისა და RMG Copper-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები 14 თებერვლიდან იფიცებიან. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას მითხოვენ. მათ მხარს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი უჭერს მხარს.