ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ისევ შოთა მურღულია დაინიშნა

17 თებერვალი, 2014 •
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ისევ შოთა მურღულია დაინიშნა

ლევან კირკიტაძის თქმით, მან ქალაქში სამართლიანობა აღადგინა:

 

“ქალაქში აღვადგინეთ სამართლიანობა და ბატონი შოთა დავაბრუნეთ მერის მოვალეობის შემსრულებლად. თამაზ მარგველაშვილის გამოცემული აქტი აღიარებულია არარა აქტად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოვაწერე ხელი და ბატონი შოთა დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.”

 

დღეს ქუთაისის საკრებულომ თამაზ მარგველაშვილის განცხადება დააკმაყოფილა საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

 

საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება 12 თებერვალს შეუწყვიტა. 
 
 

ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:

 

“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობაზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას; საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი